ავსტრალიაში, 16 წლის სკოლის მოსწავლემ კომპანია Apple- ის უსაფრთხოების სისტემა გატეხა

106

ავსტრალიაში, თექვსმეტი წლის მოზარდმა კომპანია Apple-ის უსაფრთხოების სისტემა გატეხა, კომპანიის უსაფრთხოების სერვერიდან 90 გბ ფაილები გადმოტვირთა და მომხმარებლების ანგარიშებზე წვდომა მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა The Age მოზარდის ადვოკატსა და პროკურორის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოზარდის იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, Apple გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაუკავშირდა. FBI ავსტრალიელ კოლეგებს დაუკავშირდა და საერთაშორისო გამოძიება დაიწყო. შედეგადაც დადგინა, რომ კომპანიის სისტემა მელბურნში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ გატეხა.

მოზარდი შარშან მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩხრეკისას Apple-ის ლეპტოპი ამოიღეს, საიდანაც მოზარდმა კომპანიის უსაფრთხოების სისტემა გატეხა. პოლიციამ ასევე მობილური ტელეფონი და მყარი დისკი ამოიღო.

სკოლის მოსწავლემ სასამართლოში დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ Apple-ში მუშაობაზე ყოველთვის ოცნებობდა. Reuters-ის ცნობით, სასამართლო აღნიშნულ საქმეზე განაჩენს 20 სექტემბერს გამოაცხადებს.

Comments
Loading...