"საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები საუკუნეების განმავლობაში სამაგალითოა",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე ვადაში ბაქოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის ურთიერთობებს.
"საუკუნეების განმავლობში ჩვენი ხალხები ცხოვრობდნენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ატმოსფეროში. დღეს ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები დამყარებულია ძლიერ საფუძველზე. საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს.
სატრანსპორტო სფეროში ჩვენს მიერ განხორციელებულ პროქტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისა და აზიის მასშტაბით. ყველა ამ პროექტის რეალიზებაში აქტიურად თანამშრომლობენ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი.
მიმაჩნია, რომ სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიმართულებით დამატებითი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ. ვიცი, რომ საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატია. მოხარულები ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით პირველი ინვესტორი ქვეყანაა. დღეს ჩვენ მრავალ საკითხს განვიხილავთ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობის თემებს", – განაცხადა ილჰამ ალიევმა.