"პოლიტიკურმა პლატფორმა – ახალმა საქართველომ" ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. კონგრესის 300-მდე წევრმა აირჩია ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, მოადგილეები და რეგიონული ოფისის ხელმძღვანელები. ორგანიზაციის სამომავლო საქმიანობასა და წევრების არჩევის წესზე, "ახალი საქართველოს" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, ანა კობახიძე საუბრობს.
"ახალი საქართველოს" ქალთა ორგანიზაციის წესდებაში არის მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რაც განგვასხვავებს სხვა პოლიტიკური პარტიების ქალთა ორგანიზაციებისგან. არჩევით პოზიციებზე ერთზე მეტი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, იმართება პრაიმერი. მიგვაჩნია, რომ შიდა დემოკრატიის გაძლიერებისთვის პარტია ხელს უნდა უწყობდეს ნებისმიერ წევრს, კანდიდატურა დააყენოს და შემდეგ არჩეული იყოს წესდებით გათავალისწინებულ არჩევით თანამდებობებზე. ჩვენს გუნდს აქვს პრაიმერის დემოკრატიულად ჩატარების გამოცდილება. პრაიმერის საშუალებით არჩეულ პირებს აქვთ მეტი ლეგიტიმაცია და პასუხისმგებლობა", – განაცხადა ანა კობახიძემ.
მისივე თქმით, ქალთა ორგანიზაციაშიც, ისევე როგორც პლატფორმაში არის ჰორიზონტალური მმართველობა, რაც საშუალებას აძლევს მეტ დაინტერესებულ ქალს, მონაწილეობა მიიღოს საინტერესო პროექტებსა და ღონისძიებების დაგეგმვაში. მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია და აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში.