ამერიკელმა მომღერალმა არიანა გრანდემ, ტანსაცმლისა და კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელ Forever 21-ს სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გრანდე რეტეილერისგან და მისი შვილობილი კომპანია Riley Rose-სგან, საქონელის გაყიდვების ზრდის მიზნით მისი იმიჯის უკანონოდ მითვისების გამო, კომპენსაციის სახით 10 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს.
სარჩელი სასამართლოში 2 სექტემბერს შევიდა. მასში ნათქვამია, რომ Forever 21 და Riley Rose-მა მიითვისეს მომღერლის სახელი, აგრეთვე მისი იმიჯი და მუსიკა. როგორც მომღერალი აღნიშნავს, კომპანიებმა დაიქირავეს მოდელი, რომელიც ძალიან ჰგავდა არიანა გრანდეს და იგი თავიანთი სარეკლამო კამპანიისთვის გამოიყენეს, რეკლამები კი თავიანთ ოფიციალურ საიტებზე და სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.
სარჩელის თანახმად, Forever 21-მა უკანონოდ გამოიყენა მინიმუმ 30 ფოტო და ვიდეო, რომელშიც არიანა გრანდე ჩანს, აგრეთვე მისი სიმღერა „7 Rings“-ის ტექსტი.
დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გრანდეს წარმომადგენლობამ მიმართა Forever 21-ს, მოთხოვნით, რომ წაეშალა აღნიშნული კონტენტი, კომპანიამ ეს მაინც არ გააკეთა. მომღერლის ადვოკატები კომპანიისგან, კომპენსაციის სახით 10 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ.
თავად კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში Forever 21 გრანდეს ლიცენზირებულ კომპანიასთან ერთად მუშაობდა. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ შეძლებენ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნას და ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას.