“ბათუმის წყალში” “წყლის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

82

“ბათუმის წყალში” საკონსულტაციო ორგანიზაცია MACS-ის ორგანიზებით “წყლის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებთან დაკავშირებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა.

საქართველოს მთავრობამ “წყლის შესახებ” კანონში შეიტანა ცვლილებები და მიიღო ტექნიკური რეგლამენტი – “წყალარინების ცენტრალიზებულ სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობების და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ”.

ტექნიკური რეგლამენტი ადგენს წყალარინების სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების/მიღების პროცედურას და კონტროლის მექანიზმებს. რეგლამენტი განსაზღვრავს სისტემაში ჩასაშვებ ჩამდინარე წყლებში არსებული ნივთიერებების დასაშვებ ნორმებს და არეგულირებს ურთიერთობას წყალარინების სისტემის ოპერატორებსა და მომხმარებელს შორის.

წყალარინების სისტემაში ნარჩენების ჩაყრის და ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოხდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების დაჯარიმება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, წყალარინების სისტემაში მომხმარებლებს ეკრძალებათ:

1. გამწმენდი ნაგებობის მუშაობის ეფექტიანობის შემცირების, ან დაბინძურებული წყლების ჩაშვება;
2. წყალარინების სისტემის დაზიანება ქიმიური, ან მექანიკური ზემოქმედებით;
3. რადიოაქტიული ნივთიერების ჩაშვება;
4. მყარი, ან წებოვანი მასალების ჩაშვება როგორიცაა: ცემენტი, გრუნტი, კერამიკა, სამშენებლო მასალები და ა.შ.
5. კოროზიის გამომწვევი ნივთიერებების ჩაშვება;
6. წყალის, ან ნარჩენების ჩაშვება რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებს და ზეთს;
7. მსხვილფეხა, ან წვრილფეხა პირუტყვის ნარჩენების ჩაშვება;

კანონპროექტში ცვლილებების შეტანის მიზანია უზრუნველყოს წყალარინების სისტემის მუშაობის ეფექტიანობა, ჩამდინარე წყლების ჩაშვების წესების და პირობების დაცვა.

კომპანია “ბათუმის წყალის” ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მეშვეობით, 2012 წლიდან ყოველდღიურად 60 ათასი კუბური მეტრი წყალარინების წყლების გაწმენდა და ზღვაში ჩაშვება ხდება ევროკავშირის სტანდარტის – ზღვაში ჩასაშვები გაწმენდილი წყლის ზღვრული ნორმების თანახმად.

Comments
Loading...