მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბრენდების ინოვაციური ნაწარმი ერთ სივრცეში – რიგით მეათე გამოფენა-გაყიდვა IFA 2018-ს ბერლინი მასპინძლობს. საოჯახო ტექნიკა, ხელოვნური ინტელექტი, ტელევიზორები კიდევ უფრო უკეთესი გამოსახულებით და გაუმჯობესებული ფუნქციებით – წელს გამოფენაზე ჯამში 1 814 პროდუქტია წარმოდგენილი.
"IFA ერთგვარი კატალიზატორია ციფრული სამყაროსთვის. სხვა საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა ამ მასშტაბის არ არის და ვერ სთავაზობს დამთვალიერებელსა თუ მწარმოებელს მრავალფეროვნებას," – აცხადებს IFA-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენს ჰეითექერი.
გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლება უკვე ჩაატარეს პრესკონფერენციები და პრეზენტაციები და მომხმარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ სიახლეები გააცნეს. ასევე, IFA 2018-ზე დასახელდა ის ტექნიკა, რომელიც მსოფლიოში პირველად იყო წარმოდგენილი. ყველაზე დიდი ყურადღება კომპანია Acer-მა მიიპრყო, რომელმაც 7 ასეთი პროდუქტი წარმოადგინა. მათ შორის იყო ყველაზე მსუბუქი ლეპტოპი Swift 5-15, რომელიც ერთ კილოგრამსაც არ იწონის. მისი ზუსტი წონა 990 გრამია და აქვს full HD 1920×1080 IPS თაჩსქრინი. ასევე, Acer-მა წარმოადგინა მსოფლიოში პირველი ტაბი განათლებისთვის, ლეპტოპი განსაკუთრებული ეკრანით სპეციალურად გეიმინგისთვის და ა.შ.
თამაშის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო იყო The Predator Thronos – სკამი, კომპიუტერი, მონიტორები, ვირტუალური სათვალე და ყველაფერი ერთად გეიმერებისთვის. მისი ვიბრაცია ზუსტად ემთხვევა თამაშის მიმდინარეობას, რაც მოთამაშის აღქმას ამძაფრებს.
გეიმერებისთვის კიდევ ერთი სიურპრიზი იყო OJO 500 Windows Mixed Reality Headset – MR სათვალე, რომლის დიზაინიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად მოირგოს და ასევე გაუზიაროს გარშემომყოფებსაც. სათვალეში ინტეგრირებულია ხმის სისტემაც, რომელიც ასევე მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე. MR სათვალის ფუნქცია მხოლოდ გეიმინგი არ არის, მისი გამოყენება თავისუფლადაა შესაძლებელი, განათლების, მეცნიერების და სხვა სფეროებშიც. Acer-ის ახალი პროდუქტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაათვალიეროს მუზეუმები, უძრავი ქონება, ასევე, წაიკითხოს წიგნები და ივარჯიშოს კიდეც.
ბერლინში რიგით მეათე გამოფენა-გაყიდვა IFA 2018 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ დღეების განმავლობაში ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ და შეიძინონ ის ახალი პროდუქტები, რომლებიც კომპანიებმა სპეციალურად მათთვის შექმნეს.