“ბლექ სი არენაზე” გიორგი მიქაძის პროექტი “Voisa” გაიმართება

99

პროექტ "Check In Georgia"-ს ფარგლებში, 4 აგვისტოს, "ბლექ სი არენაზე" გიორგი მიქაძის უნიკალური პროექტი "VOISA" ჩატარდება. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღონისძიების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა,საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ხათუნა კაკაბაძემ, ანსამბლ ბასიანის ხელმძღვანელი გიორგი დონაძემ და ჯაზარტისტმა გიორგი მიქაძემ გააცნეს.

"VOISA" სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, რადგან მისი მიზანია, მსოფლიოს გააცნოს საქართველო და გახდეს ქართული კულტურის სავიზიტო ბარათი. "VOISA"-ს ავტორი აშშ-ში მოღვაწე, ბრწყინვალე პიანისტი და კომპოზიტორი, Berklee College of Music-სა და Manhattan School of Music-ის მაგისტრი, Yamaha-ს ჯაზარტისტი გიორგი მიქაძეა, რომელმაც შექმნა თანამედროვე მუსიკის უპრეცედენტო ჟღერადობის მუსიკალური პროექტი საკუთარი ამერიკული All-Star Band-ისა და ანსამბლ "ბასიანისთვის".

"VOISA"-ს პრეზენტაცია შედგა ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცე ShapeShifter Lab-ში, 2016 წელს, ხოლო მისი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა 2017 წლის 14 ივნისს პეკინის საკონცერტო დარბაზში უდიდესი წარმატებით შედგა. 4 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს ეწვევიან "ვოისას" აგენტები, საუკეთესო ხმის რეჟისორები და All-Star Band-ი ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის და რონი ეითანის შემადგენლობით. სპეციალურად ამ პროექტისთვის გიორგი მიქაძემ აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტი, MC, OK Player-ის არტისტი რეიდარ ელისი მოიწვია.

პროექტის დადგმა ბასა ფოცხიშვილის რეჟისურით გაიმართება. ღონისძიების წამყვანი მსახიობი ია სუხიტაშვილი იქნება. ბილეთები უკვე იყიდება საიტზე: tkt.ge. გენერალური სპონსორი: "საქართველოს ბანკი" მედიამხარდამჭერები: "იმედი", "ფორტუნა", ambebi.ge, marketer.ge, ჟურნალი "O.K".

Comments
Loading...