საფრანგეთის ქალაქ ბორდოს მეღვინეობის სკოლის სტუდენტები, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის გაცნობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიების ფარგლებში, 55 სტუდენტმა ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთები დაათვალიერა და ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებულია და ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულია ვაზის 437 ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა. სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინის დაყენება და შეფასება ხდება, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში დაბრუნება მოხდეს.