2017 წელს საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი საქართველოში ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც პროექტის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ისაუბრეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, საქართველოს პირველად მიეცა შესაძლებლობა, საბავშვო ევროვიზიის კონკურსი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს.
მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა, რადგან მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. 2016 წლის საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე – 14 კონკურსზე საქართველოს წარმატება 239 ქულით მარიამ მამადაშვილმა მოუტანა. 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ შეთავაზება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო.
"მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკურსი არის საერთაშორისო და საკმაოდ ბევრი ქვეყანა ღებულობს მონაწილეობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონკურსის ტრანსლირება თითქმის 50 სხვადასხვა ქვეყანაში ხდება. სწორედ ეს არის ის ეკონომიკური სარგებელი, რასაც ჩვენი ქვეყანა ამ კონკურსის ჩატარებით მიიღებს. ძალიან პოზიტიურ ჭრილში ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას. რაც თავისთავად საერთაშორისო ვიზიტორებზე და ტურისტების შემოდინებაზე აისახება.
მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმი არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ამ მხრივ 2016 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რის მიხედვითაც 6.4 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს ვუმასპინძლეთ. ეს ნიშნავს უფრო მეტ სამუშაო ადგილს, მეტ შემოსავალს ჩვენს ოჯახებში და უფრო მეტ ბიზნესსაქმიანობას ქვეყანაში", – აღნიშნა ქეთევან ბოჭორიშვილმა.