რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი დანერგა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მომხმარებლები SMS სერვისის საშუალებით მიიღებენ ინფორმაციას აბონენტის განცხადების და საპასუხო დოკუმენტის დარეგისტრირების, სასმელი წყლით მომარაგების გეგმიური და არაგეგმიური წყვეტებისა და აღდგენის, წყალმომარაგების და წყალარინების საფასურის გადახდის ბოლო ვადის შესახებ.
"სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბერის №32 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბონენტებს უზრუნველყოფს: 90046 ნომერზე "111" სიმბოლოს გაგზავნის შემთხვევაში, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე განმეორებით მიაწოდოს მიღებული შეტყობინება, ასევე 90046 ნომერზე "222" სიმბოლოსა და ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნის შემთხვევაში განახორციელოს აბონენტის ნომრისა და ელექტრონული მისამართის ავტომატური ცვლილება.
მომხმარებლებმა უნდა მოახდინონ თავიანთი მობილური ტელეფონის ნომრების/ელექტრონული მისამართების მოწოდება სააბონენტო ბარათში დაფიქსირების მიზნით. სატელეფონო და ელექტრონული მისამართების მოწოდება ასევე შესაძლებელია ცხელი ხაზის : 2 93 00 00 მეშვეობით.