საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გოგიტა თოდრაძე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გაეროს პროგრამის – Sustainable Energy for All in Eastern Europe, the Caucasus and Central Asia ფარგლებში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ. ღონისძიების მთავარი თემაა – "მდგრად ენერგეტიკაზე ხელმისაწვდომობა აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში". აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში გაეროს პროექტის მხარდამჭერ და ჩართულ უწყებებს ენერგეტიკის სამინისტრო და სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენენ. აღნიშნული პროექტი კი, გაეროს 2030 მდგრადი განვითარების მიზნების განმახორციელებელ მექანიზმის ნაწილია. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა პროექტში ჩართული 5 ქვეყანა (საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი).
შეხვედრის მიზანია ეროვნულ ენერგეტიკულ სტატისტიკაზე მომუშავე ექსპერტების ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირებულობა მდგრადი ენერგეტიკული სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარდების შესახებ. ასევე, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ენერგეტიკული მონაცემების შეგროვებისა და მონიტორინგის მიზნით.