განახლებადი ენერგიის სექტორმა უკრაინის დასახმარებლად 300 000 ლარზე მეტი გადარიცხა

13

„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) წევრმა კომპანიებმა 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად სხვადასხვა საერთაშორისო, უკრაინულ და ქართულ ფონდებში 320 000 ლარამდე თანხა გადარიცხეს.

ჰუმანიტარულ ინიციატივაში აქტიურად ჩაერთვნენ კომპანიები შპს „ფერი“, შპს „ენერგო არაგვი“, კავკასიის განახლებადი ენერგიების ჰოლდინგი (CCEH), სს „საქართველოს განახლებადი  ენერგიის კომპანია“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და შპს „დეკა“. ასოციაციის რამდენიმე წევრმა უკრაინაში დამატებით ჰუმანიტარული ტვირთიც გაგზავნა.

„საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების და რუსეთისგან საბოლოო დამოუკიდებლობის მიღწევის. მანამდე კი, შეძლებისდაგვარად, ყველანი მხარში უნდა ამოვუდგეთ უკრაინელ ხალხს“, – აცხადებს GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი.

მისივე თქმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოების საკითხი ნებისმიერი ქვეყნისთვის.

„ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მხრიდან ენერგომატარებლებისა და ენერგოობიექტების პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების არაერთი აშკარა მცდელობა. მიგვაჩნია, რომ დღევანდელ რეალობაში ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენი ქვეყნის განახლებადი ენერგორესურსების მაქსიმალურად ათვისება კი ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია“, –  აღნიშნავს  გიორგი აბრამიშვილი.

ასოციაციის შესახებ: საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA) 2017 წელს დაარსდა და სადღეისოდ 40-მდე წევრ კომპანიას აერთიანებს. დაარსებიდან დღემდე GREDA აქტიურად არის ჩართული და საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში, რაც საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ასევე ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მდგენელია.

Comments
Loading...