გახარია: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის 70%-ია შესრულებული

312

ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე სამუშაოების დაახლოებით 70%-ია შესრულებული. მისი თქმით, რკინიგზა ფიზიკურად არის, თუმცა გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოებია შესასრულებელი.

"სატეტსო რეჟიმში რკინიგზის გაშვება ალბათ შესაძლებელი იქნება. ამას დაადასტურებს ჩვენი დღევანდელი ინსპექტირება. გარკვეულ ნაწილზე ელექტროფიცირებაა გასაკეთებელი, მოსამზადებელია საბაჟო სანიტარული სამსახურები და ა.შ.

თუმცა იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს ვადებში ეს დასრულდება. ფიზიკურად რომ სამი ქვეყნის რკინიგზა ერთმანეთს დაუკავშირდა, ეს არ ნიშნავს რომ პროექტი დასრულებულია, ეს ნიშნავს რომ პროექტის პირველი ეტაპია დასრულებული და წინ კიდევ ბევრი სამუშაოა", – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, საბოლოოდ როდის დასრულდება პროექტი, გახარიამ უპასუხა: "ამაზე ვიმსჯელებთ დღევანდელი ინსპექტირების შემდეგ. დრო იქნება ცნობილი დაახლოებით 1-2 კვირაში".

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი აჰმედ არსლანი და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელი ჯავიდ ყურბანოვი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით თბილისიდან კარწახამდე მატარებლით მიემგზავრებიან.

Comments
Loading...