გენადი არველაძე: საქართველომ შეძლო დაბალანსებული მიდგომით თავიდან აეცილებინა მნიშვნელოვანი ზარალი

24

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-19 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას გენადი არველაძემ განაცხადა, რომ „პანდემიამ შეაფერხა საქართველოს პოზიტიური ეკონომიკური ტრაექტორია, თუმცა დიდი გლობალური გამოწვევის პირობებში, საქართველომ შეძლო ეფექტურად ეპასუხა ამ შოკისთვის  და დაბალანსებული მიდგომით თავიდან აეცილებინა  მნიშვნელოვანი ზარალი, ერთი მხრივ ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერითა და მეორე მხრივ,  მისი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით“. მან ასევე ხაზი გაუსვა CAREC – ის წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივ ძალისხმევას და კოორდინირებული პოლიტიკის მნიშვნელობას პოსტკოვიდურ სამყაროში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად და რეგიონული ინტეგრაციის გზის გასაგრძელებლად.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ბოლო ორი წლის განმავლობაში CAREC–ის სტრატეგია 2030 – ის სწრაფი და პროგრესული განხორციელების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა საბაჟო პროცედურების გამარტივების შემდგომ საჭირო ნაბიჯებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქონლის უწყვეტი გადაადგილება CAREC-ის სატრანსპორტო დერეფანში. გენადი არველაძის თქმით, ამ მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ინტეგრირებული საზღვრის მართვის კონცეფციის დანერგვით, რისკზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის 100% განხორციელებით. მისი თქმით, ქართული მხარე აქტიურად უჭერს მხარს დერეფნის ციფრული სისტემის განვითარებას. ტრანსპორტის სფეროში ციფრული სისტემების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პანდემიის არსებობის ფონზე.

გენადი არველაძემ ასევე ხაზი გაუსვა CAREC – ის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობას, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიან ხედვას, მიზნებს და პროგრამებს რეგიონში მდგრადი, უსაფრთხო და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისათვის. „პანდემია, სავარაუდოდ, შექმნის ახალ მიდგომებს  და ტენდენციებს, მათ შორის გაზრდის ადგილობრივი და რეგიონული ტურიზმის  მნიშვნელობას. ტურიზმის რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კავშირების განმტკიცებას, ამით რეგიონის იმიჯის ამაღლებას უცხოელი ვიზიტორების და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით“, – განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილე ასევე მიესალმა  CAREC – ის 2030 გენდერის სტრატეგიის მიღებას, სტრატეგიაში წარმოდგენილი მიდგომები უნივერსალური და ინკლუზიურია, მოიცავს გენდერული თანასწორობის ფართო სპექტრს.

საქართველო CAREC-ის რეგიონული ორგანიზაციის წევრია 2016 წლის ოქტომბრიდან. ამ  ორგანიზაციაში შედიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ავღანეთი, პაკისტანი და ჩინეთი. სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, CAREC-ის ფარგლებში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებთან ერთად ახალი  სტრატეგიების დამატება, გააღრმავებს რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობის და ინვესტიციების განვითარებას, სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის გაზრდას, ენერგეტიკის და ტურიზმის  სფეროში თანამშრომლობას.

Comments
Loading...