გიორგი აბრამიშვილი: წყალქვეშა გადამცემი კაბელი საშუალებას მოგვცემს, ჩვენი მწვანე ენერგია ევროკავშირს მივაწოდოთ

25

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის ეკონომიკური დასაბუთებისთვის კვლევა ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

პროექტი საქართველოსა და რუმინეთს შორის მაღალი ძაბვის 1,195 კმ სიგრძისა და 1 გვტ სიმძლავრის კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს. უკვე ჩატარებულია წინასწარი შეფასებები პროექტის როგორც ეკონომიკურ, ისე ტექნიკურ ასპექტებზე, რომელთა შედეგების მიხედვით, მსგავსი ურთიერთკავშირი დადებითად აისახება როგორც რუმინეთის, ისე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემებსა და ეკონომიკებზე.

აღნიშნულ საკითხს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი გამოეხმაურა.

„ბოლო დროს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ გვჭირდება გრძელვადიანი გეგმა და კონკრეტული ნაბიჯები რუსეთზე იმპორტდამოკიდებულების შესამცირებლად. შავი ზღვის ფსკერზე რუმინეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის გაყვანა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. რუმინეთის ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან დაკავშირება ჩვენთვის ახალი ბაზრისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნას ნიშნავს. ეს არის რეალური შესაძლებლობა, მივუერთდეთ ევროპულ ენერგოსისტემას და ევროკავშირის ქვეყნებს ჩვენი მწვანე ენერგია მივაწოდოთ.

აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი განახლებადი ენერგორესურსების ათვისება აქტიურად უნდა გავაგრძელოთ. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო ელექტროენერგიის იმპორტზე წელიწადში საშუალოდ 70 მილიონ დოლარს ხარჯავს. “საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის“ (GRPC) პროგნოზის თანახმად, თუ საკუთარი გენერაცია არ გავზარდეთ, 2030 წლისთვის საქართველოს იმპორტში ყოველწლიურად 600 მლნ დოლარის გადახდა მოუწევს. ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ გავზარდოთ გენერაცია, დავაკმაყოფილოთ ელექტროენერგიაზე შიდა მოთხოვნა და მოვახდინოთ მეტი ექსპორტი, რაც, თავის მხრივ, ქვეყანას ეკონომიკურად გააძლიერებს.

რადგან ექსპორტის გაზრდაზე ვსაუბრობთ, მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ძალისხმევით, თურქეთში საქართველოდან იმპორტისთვის დაშვებული ელექტროენერგიის მაისის თვის კვოტა, რომელიც 150 მგვტ–ს შეადგენდა, თურქეთის სისტემის ოპერატორთან მოლაპარაკებების შედეგად წელს 75 მგვტ–ით გაიზარდა. შედეგად ქართული ენერგოკომპანიები შეძლებენ ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას, რაც, რა თქმა უნდა, დამატებითი შემოსავლის წყაროა ქვეყნისათვის. ამავდროულად, კვოტის გაზრდა ქმნის იმის წინაპირობას, რომ ენერგოკომპანიებმა ჭარბი წყალი არ დაღვარონ. ეს არის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინებული მუშაობის კარგი მაგალითი და იმედი გვაქვს, აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“ – აღნიშნა მან.

Comments
Loading...