გოცირიძე: ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ, ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა

69

"ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ და ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა", – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ყველას გასაგონად, ვინც დიდ სისულელეს ამბობს, რომ ”ლარი იმიტომ გაუფასურდა, რომ თურქეთი ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია”.

რა ხდება, როცა სავაჭრო პარტნიორის ვალუტა უფასურდება?:

ამ ქვეყანაში წარმოებული საქონელი ჩვენთვის იაფი ხდება(თუ ფასებები არ გაიზარდა ვალუტის გაუფასურების გამო). ანუ, ჩვენი ერთი დოლარი ყიდულობს მეტს, ვიდრე მანამდე ყიდულობდა. კარგია ეს თუ ცუდი? კარგი რა თქმა უნდა. თუ ერთ ქათამს ვყიდულობდი და ახლა ორს ვიყიდი იგივე ფულით, გამოდის რომ ერთი ქათამი მუქთად მერგო.

ან კიდევ, შემომქონდა ქათამი გერმანიიდან და აღმოჩნდა, რომ თურქეთში იგი იაფი გახდა. ბუნებრივია, თურქულს ვიყიდი და ვალუტას დავზოგავ. კარგია თუ არა ეს? კარგი, რა თქმა უნდა. ლარის გამყარებას შეუწყობს ხელს, რადგან ნაკლები რაოდენობის დოლარი გავა ქვეყნიდან.

ცუდი რა არის? ის რომ ერთი ნაჩუქარი ქათამი ადგილობრივ ერთ ქათამს გაყიდვაში შეუშლის ხელს. ეს სინამდვილეში ცუდია თუ არა ძალიან შორს წაგვიყვანს ამაზე მსჯელობა. ზოგადად, როგორ შეიძლება ციდან ჩამოცვენილი დოვლათი ცუდი იყოს, რომელიც გამდიდრებს? კონკურენციის და ჯანსაღი წარმოების საკითხი კიდევ სხვა თემაა.

მიუხედავად ამ მარტივი თეორიული სქემისა, ყველაფერი ასე არ ხდება. მაგალითად, თუ თურქებთან კონტრაქტი დოლარში გაქვს გაფორმებული, რა მნიშვნელობა აქვს კურსის ცვლილებას მოკლე ან საშუალოვადისნ პერიოდში( სანამ კონტრაქტი არ შეგიცვლია)?

რომ შევაჯამოთ: თურქული ლირის გაუფასურებას უნდა მოჰყვეს საქართველოში იმპორტის ზრდა თურქეთიდან (თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს, თუ ეს მოხდება სხვა ქვეყნებიდან მისი შემცირების ხარჯზე). იმპორტის მატებას და შესაბამისად ქვეყნიდან მეტი ვალუტის გადინებას სჭირდება დიდი დრო-თვეები და წლები. გუშინ ლირა გაუფასურდა და დღეს თავქუდმოგლეჯილი ყველა თურქეთში გაიქცა საყიდლებზე-არის დიდი სისულელე.

ბოლო წლებში, როცა ლარის გაუფასურებას თურქული ლირის გაუფასურებას აბრალებდნენ, არცერთ შემთხვევაში არ აღინიშნებოდა იმპორტის არსებითი ზრდა და შესაბამისად ვალუტის იმ ოდენობით გადინება, რომ რაიმე გავლენა მოეხდინა ლარის სტაბილურობაზე. ასე იქნება ახლაც-თურქული იმპორტი უმნიშვნელოდ იმატებს მომავალ პერიოდში.

მაშინ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ლირის და ლარის ამჟამინდელ გაუფასურებას ერთმანეთთან? მხოლოდ ფსიქოლოგიური, მოლოდინის ეფექტი. ეს გადაივლის, მაგრამ არსებითი ფაქტორები მაინც დარჩება.

რა მოხდა სინამდვილეში?

ლარს გაუფასურება ისედაც უნდა დაეწყო( ამაზე მაშინ ვწერდი, როცა ეროვნულ ბანკს თავი ქუდში ეგონა და მონეტარული პოლიტიკის შერბილება ამაყად გვამცნო სულ ახლახან),

დაემთხვა თურქულ კრიზისს და პროცესი ოდნავ დააჩქარა.

თურქული კრიზისი მთავრობას და ეროვნულ ბანკს მოევლინა მხსნელად და მათი მიზეზით გამოწვეული ლარის გაუფასურება ე. წ. საგარეო ფაქტორებს გადააბრალა ტრადიციულად.

თუქული ვალუტის გაუფასურებას არ მოუხდენია რაიმე გავლენა არც ახლო და არც შორეულ მეზობლებზე( სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და სხვა). რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ისინი უკეთესად არიან ფსიქოლოგიურად მომზადებულები? არა, უკეთეს საბიუჯეტო და მონეტარულ პოლიტიკას ატარებენ.

ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ და ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა", – აცხადებს რომან გოცირიძე.
 

Comments
Loading...