გრიგოლ მუმლაძე: ქართული კანონმდებლობა ნამდვილად იძლევა სხვადასხვა ბერკეტს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად

414

დღეს, ძალადობა გლობალური ხასიათის პრობლემაა, რომელიც მიმართულია ადამიანთათვის კანონით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების წინააღმდეგ. ამასთან, ძალადობა ვლინდება სხვადასხვა ფორმისა თუ შინაარსის ქმედებებში, რომელიც საბოლოო ჯამში, იწვევს საზოგადოების გადახრას არსებობისა და განვითარების ნორმალური ხაზიდან.

ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და რთულად რეგულირებადი ფორმა ოჯახში ძალადობაა, რომლის სტატისტიკაც საქართველოში არსებულ რეალობაში საგანგაშო მაჩვენებლით ხასიათდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოჯახში ძალადობა, რეალური მოცემულობის გათვალისწინებით, მეტად რთული და სპეციფიკურია, რის გამოც თითქმის არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა ამ პრობლემის წინაშე მყოფი ადამიანების შესახებ.

ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ინტერესების დაცვისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას დამცავი ან შემაკავებელი ორდერი. მათი მოქმედების წესისა და დაკისრებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შესახებ პასუხისმგებლობის შესახებ, საზოგადოების  დიდი ნაწილი ინფორმირებული არ არის.

თუ რას გულისხმობს თითოეული მათგანი და რა პროცედურების გავლას მოითხოვს ჩვენგან, ამ თემაზე იურიდიული ფირმა GLCC-ის პარტნიორი და მთავარი იურისტი გრიგოლ მუმლაძე  საუბრობს: „ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნას როგორც დამცავი, ასევე შემაკავებელი ორდერი. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ან/და მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას.

როგორც იურიდიულ ფირმაში განმარტავენ, პროცედურები მარტივია: დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განცხადების წარდგენა ხდება პირველი ინსტანციის სასამართლოში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელიც განიხილება მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. შემაკავებელი ორდერის შესახებ კი აქტს გასცემს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი, აქტი დასამტკიცებლად 24 საათის განმავლობაში ეგზავნება სასამართლოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ორდერის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების შესახებ, სადაც დეტალურად იქნება ასახული მოძალადისათვის დაწესებული შეზღუდვების პირობები და მსხვერპლის დასაცავად გათვალისწინებული ღონისძიებები. რაც შეეხება დამცავი და შემაკავებელი ორდერების აღსრულების საკითხს, გრიგოლის გამარტებით „ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს. ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება, გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით, მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს. თუ დამცავი ორდერით გათვალისწინებული საკითხები შეეხება არასრულწლოვანს, სასამართლო გადაწყვეტილება ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს“.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დამცავი ორდერი გამოიცემა ექვს თვემდე ვადით, ხოლო შემაკავებელი ორდერი – ერთ თვემდე ვადით. ამასთანავე, მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს სასამართლო. დამცავი ორდერის ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში დამატებით არა უმეტეს სამი თვისა, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან/და ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

რაც შეეხება სასამარლოს მიერ დაკისრებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის საკითხს, ამასთან დაკავშირებით იურიდიული ფირმა GLCC-ის მთავარი იურისტი გაგვაცნობს, რომ „შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღემდე ვადით ან გამოსასწორებელი სამუშაოები ერთ თვემდე ვადით. (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით) დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის კი, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ან გამოსასწორებელი სამუშაოები სამ თვემდე ვადით (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით) აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს აგრეთვე ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. ამასთანავე, კანონმდებლობით დადგენილია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ დამცავი ან შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის მიხედვით).“

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გრიგოლ მუმლაძე მიიჩნევს, რომ  ქართული კანონმდებლობა იძლევა სხვადასხვა ბერკეტს ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, კანონის როგორც მკაცრი, ასევე შედარებით მსუბუქი რეგულაციებით. იურიდიულ ფირმა GLCC-ში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება მნიშვნელოვან როლს შეიტანს ძალადობის შემთხვევების შემცირებაში და გააჩენს მეტ შესაძლებლობას ამ პრობლემის მოსაგვარებლად ეფექტური ნაბიჯების გადადგმისთვის.

Comments
Loading...