დათო ევგენიძე: საავტორო უფლებების ზოგი დამცველი რუსულ კავშირებზე საუბრობს – ცოტა შეურაცხმყოფელია ჩემთვის თვითონ ეს აზრი, თქმა კი არა, ფიქრიც კი ამაზე

63

საავტორო უფლებების დაცვა უკვე რამდენიმე წელია განხილვის საგანია საზოგადოებაში, ვისაც ეს სფერო ეხება. მუსიკოსებმა და შემსრულებლებმა საკანონმდებლო ორგანოს წერილით მიმართეს და კანონში არსებული ბუნდოვანი ჩანაწერების გასწორება და მოგვარება თხოვეს.
დღეს ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვის ორი ასოციაცია მუშაობს – ძველი ორგანიზაციის გაუმჭვირვალობით, თანხების არასამართლიანად აკრეფით და განაწილებით უკმაყოფილო ავტორებმა ახალი ასოციაცია „გერა“ დააფუძნეს და საკუთარი უფლებების დაცვა თავად სცადეს. ძველი ასოციაციის თავმჯდომარე გელა კობალაძე ასობით ავტორს და ახალ ასოციაციას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კანონმდებლობით მის ასოციაციას საქმიანობის ექსკლუზიური უფლება აქვს მინიჭებული.
ამ თემებზე და იმ მუსიკოსების პოზიციაზე, რომლებიც საკუთარი უფლებების დასაცავად ახალ ასოციაციაში გაერთიანდნენ, „აიპრესი“ კომპოზიტორს და მუსიკოსს დავით ევგენიძეს ესაუბრა.

„ჯისიეის“ მუშაობით უკმაყოფილო ავტორების სურვილით, შეიქმნა საავტორო უფლებების დაცვის ახალი ასოცოაცია „გერა“.  ძველ ორგანიზაციაში ასობით ავტორთან მიზერული თანხები ირიცხებოდა, თან არ იყო  ნათელი მოფენლი თანხები საიდან მოდიოდა, გამჭვირვალობა იყო აბსოლუტურად ნულზე.

ყველაზე მნივნელოვანი ის არის, რომ „ჯისიეის“  ორი წელია დღემდე ერიცხება „გერაში“ გადასული  400-მდე ავტორის თანხები ტელევიზიებიდან  და  კუთვნილ თანხებს ადრესატებს არ უნაწილებს.

გიგა კობალაძემ ახალ ორგანიზაციაში გადასული მუსიკოსები და ავტორები რუსეთზე მომუშავეებად მოიხსენია.  რას ნიშნავს ეს? თვითონ ჰქონდა უზარმაზარი თანხები გადარიცხული რუსი ავტორებისთვის  და ჩვენი ავტორების თანხები, რომელიც რუსეთიდან აქეთ ერიცხებოდა,  ჩვენთან საერთოდ არ რიგდებოდა.

საპარლამენტო კომიტეტში განხილვის დროს კობალაძემ განაცხადა, რომ ამაყი ვარ რუს ავტორებს მილიონობით ფული, რომ გადავურიცხეო, სასაცილო გახდა ეს ყველაფერი. ვინ უფრო რუსეთუმე გამოდის? ქართველ ავტორებს რუსეთიდან გადმორიცხულ ჰონორარს არ ურიცხავს, ხოლო რუს ავტორებს საქართველოდან ურიცხავს.

მოგვიანებით რუსულ ასოციაცია „ბრავოში“ გამოიცვალა ხელმძღვანელობა,და ახალმა ხელმძღვანელობამ არ გაუგრძელა ხელშეკრულება გიგა კობალაძეს, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ ფულის გათეთრების მიზნით ჩრდილოვანი ოპერაციები იყო შესრულებული.

რუსეთში  52-მდე სრულმეტრაჟიანი ფილმის და 100-მდე  სერიალის ავტორი ვარ. რუსულ არხებში ეს ფილმები სულ ტრიალებს. დღე არ გავა, რომ  ჩემი მუსიკით არ გავიდეს ფილმი.

8 აგვისტოს ომის შემდეგ დავტოვე რუსეთი და წამოვედი, გავერთიანდი  საავტორო ასოციაცია „ჯისიეიში“. მე ხომ მახსოვს რამდენს იხდიდნენ თვეში, რამდენი მომდიოდა დაახლოებით და ეს ყველა თანხა გადარიცხული იყო ამ ასოციაციაში, რაც ჩემამდე არ მოსულა. ასევე სხვა ავტრებთან. მოგეხსენებათ, ათასობით ქართული რესტორანია რუსეთში…

პარლამენტში, როდესაც დაიდო ეს ფაქტები, პირველივე სხდომაზე  იგრძნობოდა განწყობა, რომ აუცილებლად ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, რომ აბსოლუტურად ყველა ტელევიზიას მიეცეს საშუალება ითანამშრომლოს ასოციაცია „გერასთან“.

  • რა პრინციპული სხვაობაა საავტორო უფლებების დამცველ ძველ ასოციაცია“ჯისიეისა“ და ახლალ ასოციაცია“გერას“ შორის. რატომ ანდეთ თქვენი უფლებების დაცვა ახალ ორგანიზაციას?

ვინც ეს ახალი ასოციაცია დააფუძნა, ისრაელიდან შემოიტანა  ტექნოლოგია, რომელიც იძლეოდა საშუალებას, უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო ავტორებისთვის ჩარიცხული თანხები. ეს არის ბოქსები, რომლებიც ასახავს რეალურ სურათს, ვის რამდენი ერიცხება. სწორედ  ეს ბოქსები შესთავაზა  „გერამ“ კობალაძის ასოციაციას, რომელმაც უარი თქვა ამაზე, რომ არ ყოფილიყო გამჭვირვალე პროცესები.

სწორედ ეს იყო ახალი ასოცოაციის შექმნის მთავარი მიზეზი. გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე, ავტორებმა გადავწყვიტეთ  დაგვეფუძნებინა ახალი ასოციაცია, სადაც  ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, გამჭვირვალე იქნება ყველაფერი, რომ ყველა ავტორმა მიიღოს კუთვნილი ჰონორარი.

ავტორები არც ისე განებივრებულები არიან ჰონორარებით და ეს ერთდერთი მნიშვნელოვანი შემოსავალი უნდა იყოს მათთვის.  აბსოლუტური გამჭვირვალეობაა „გერაში“. მიუხედავად იმისა, რომ ეს ასოციაცია ჯერჯერბით სახელმწიფოებივ დონეზე არ არის დამტკიცებული. როგორც კი ასეულობით ავტორი გაერთიანდა მასში, ზოგიერთმა ტელევიზიამ, რესტორანმა,  ასევე რუსულმა კომპანიამ „ბრავომ“ დადო ხელშეკრულება მასთან. ავტორებს ჰონორარები გაეზარდათ და ყველა კმაყოფილია, რადგან ამ თანხის 1 %-აც არ ურიცხავდა მათ „ჯისიეი“. გამჭვირვალეობა და სიმართლე არის „გერას“ მხარეზე.

  • საკომიტეტო მოსმენაზე აღნიშნეთ, რომ კრიტიკული აზრის გამო გაგრიცხეს ასოციაციიდან…

როდესაც მოვითხოვე გადმორიცხული თანხების ამონაწერები, საიდან ირიცხება და რატომ ირიცხება ასეთი ცოტა, ამის გამო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიიდან რომ რიცხავდნენ ხალხს,ისე გამრიცხეს. ვინ უფრო გავს საბჭოთა კავშირს და რუსეთს, ეს კიდევ საკითხავია.

რომ გამრიცხეს, მაშინ ჩემს თანხებზეც უარი უნდა ეთქვათ. ორი წელიწადია ჩემი და ასეულობით ავტორის თანხა მათ ერიცხებათ და ჩვენ არ გვაძლევენ, ეს ლოგიკურია? ყველაზე უცნაური ის არის, რომ  პარლამენტში  მათ გვერდით იჯდა იურისტი, რომელიც  საქპატენტის ყოფილი თავმჯდომარეა. გამოდის რომ იმ დროინდელი საქპატენტი მათი მხარე იყო. არაკეთილსინდისიერება არის სწორედ მიზეზი, ახალი  საავტორო უფლებების ასოცოაციის შექმნის.

  • „ჯისიეის“ წარმომაგენლები აცხადებენ, რომ დაუშვებელია ამ სისტემაში ორი კომპანიის არსებობა, რადგან ეს გამოიწვევს მთელ რიგ გაუგებრობებს და საბოლოოდ საავტორო ულებების დაცვის მექანიზმი ჩამოილება.

ეს არ არის მართალი. ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში არის ასობით მსგავსი ორგანიზაცია. რუსეთში ორია. საავტორო უფლებები მარტივი ორგანიზაცია არ არის, იყოფა სფეროებად და უკონფლიქტოდ თანამშრომლობენ სხვადახვა ტიპის საავტორო უფლებების ასოციაციები  ერთმანეთთან.

ექსკლუზიური უფლება ქვეყანაში არ არსებობს, ჩვენთან კანონში მითითებულია, რომ ექსკლუზიური უფლება არა აქვს არავის და რატომ უნდა ჰქონდეს გიგა კობალაძეს ექსკლუზიური უფლება ვერ ვხვდები.

დათო ევგენიძე საავტორო უფლებების შესახებ პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდა და საკუთარი მოსაზრებები დეპუტატებსაც გააცნო:

„მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პარლამენტის კულტურის კომიტეტის ასეთი სწრაფი გამოხმაურება, წერილის შემოტანიდან მოკლე დროში. ამისთვის უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ყველას.

თემა, რომელზეც ვსაუბრობთ, არის ქართული კულტურა, რაც მგონია ერთ ერთი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიაში და საქართველოს არსებობისთვის. ვსაუბრობთ სწორედ იმ ავტორებზე, რომლებმაც საქართველოს შეუნარჩუნეს იდენტობა და დღეს რითაც შეიძლება სრულიად საქართველომ იამაყოს.

ჩვენ ავტორები არავის წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენ მოვითხოვთ არჩევანის უფლებას, თუ ვინ დაიცვას ჩვენი უფლებები.

მე არ დავიწყებ დეტალურად იმაზე საუბარს, რატომ აღარ ვარ იმ ასოციაციის წევრი, რომლისაც ვიყავით. უბრალოდ ვიტყვი ორ სიტყვას: ორი წლის წინ გამოვხატე გარკვეული კითხვის ნიშნები ასოციაციასთან დაკავშირებით და გამრიცხეს ასოციაციიდან, რომელიც ითხოვს, რომ იყოს საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ ერთი.

შეკითხვა მაქვს – თუ მე მრიცხავენ როგორც ავტორს, დათო ევგენიძეს იმიტომ, რომ გამოვხატე ჩემი აზრი დემოკრატიულ ქვეყანაში ცოტა გაუგებარია, კომუნისტური პარტიის საქციელს ჰგავს.

მაინტერესებს, როგორ უნდა დავიცვა ჩემი საავტორო უფლებები იმ პირობებში, როდესაც ეს ასოციაცია ამბობს, რომ ის უნდა იყოს ერთადერთი.

ოფიციალურად, ხელის მოწერით ვიყავი გარიცხული და მას შემდეგ ორი წელიწადია ჩემი კუთვნილი თანხები, იმ ობიექტებიდან ჩემი მუსიკა სადაც ჟღერს, ირიცხება ისევ ამ ასოციაციის ანგარიშზე და ჩემამდე არცერთი თეთრი მოდის.

მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში მუსიკოსებს არ ჰქონდათ კონცერტების გამართვის შესაძლებლობა, მცირერიცხოვანი კონცერტები ტარდებოდა მხოლოდ და ერთადერთი შემოსავალი სწორედ ეს საავტორო უფლებები იყო.

ამ ორი წლის მანძილზე, რაც ალტერნატიული ასოციაცია შეიქმნა ჩვენივე, ავტორების ინიციატივით, მუსირებდა აზრი, რომ ჩვენ ვართ რუსუთუმე, რუსეთზე მომუშავე ხალხი.

ალბათ ყველამ იცით, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დათო ევგენიძემ არ მისცა თავისი ბალეტი „მარინის თეატრს“ და გერგიევს; ეს გაააკეთა მიუხედავად იმისა, რომ აღებული ჰქონდა „ოქროს არწივი“, „ოქროს ვერძი“, „კინოტავრი“ და ა.შ; მიატოვა რუსული კარიერა აბსოლუტურად და იქითკენ არც კი გაუხედავს.

ცოტა შეურაცხმყოფელია ჩემთვის თვითონ ეს აზრი, თქმა კი არა, ფიქრიც კი ამაზე.

მერე დავინტერესდი რაში იყო საქმე და ღრმად მინდოდა გავრკვეულიყავი რუსული მხარის არსებობის თაობაზე. აღმოჩნდა, რომ თვითონ იმ ასოციაციას, საიდანაც ვიყავი გარიცხული, 2019 წლის ჩათვლით ჰქონდა ხელშეკრულება რუსეთთან, იგივე ორგანიზაციასთან, რომელთანაც აქვს ახლა ახალ ორგანიზაციას ურთიერთობა. სწორედ იქ მოხდა რაღაც – ვინც აკონტროლებდა ეგრეთწოდებულ „რაოს“, ხელმძღვანელობა შეიცვალა და ახალმა ხელმძღვანელობამ არ გააგრძელა ქართულ მხარესთან, ძველ ასოციაციასთან ურთიერთობა. შეწყდა ურთიერთობა მიუხედავად ამისა, რომ იყო მცდელობები, ასოციაციიდან თხოვნები, რომ გაეგრძელებინათ ხელშეკრულება.

რატომ არ უნდა წამოიღონ ქართველმა ავტორებმა თავისი კუთვნილი ფული, მითუმეტეს ოკუპანტი ქვეყნიდან? ისინი გავამდიდროთ ჩვენი მუსიკით?

მე მგონია, როდესაც ქართული მუსიკა ჟღერს რუსეთში, რუსეთი ვალდებულია, ფული გადაიხადოს და შემოვიდეს ეს თანხა საქართველოში.

ჩვენი, ავტორების სურვილია, რომ  გვქონდეს არჩევანის უფლება.

მსოფლიოში ბევრი მაგალითია – ამერიკაში ბევრი კომპანიაა, რომელიც იცავს საავტორო უფლებებს და იქ პირიქით, ღია ბაზარია. ასევეა ბრიტანეთში, საფრანგეთში… ასოცოაციებს გაყოფილი აქვთ ფუნქციები, ზოგი რესტორნებიდან აგროვებს თანხას, ზოგი კინო მუსიკას კურირებს.

ასე ერთმა ორგანიზაციამ აიღოს ექსკლუზიურად თავის თავზე ამ უფლებების გაკონტროლება და პლიუს არასოდეს იცოდე რატომ გიხდიან, რამდენს გიხდიან, რა პრინციპით გიხდიან… გამჭვირვალეობა არის მნიშვნელოვანი ყველა ავტორისთვის.

მიმაჩნია ლეგიტიმურად ჩვენი, ავტორების მოთხოვნა. ჩვენ 400-მდე ავტორი ვართ. სათითაოდ საკმაოდ ცნობილი ავტორები, ვინც საქართველო გაამდიდრა თავისი მუსიკით და ვითხოვთ, რომ პარლამენტმა განიხილოს კანონმდებლობაში ის რაღაც ბუნდოვანება, რომელიც აძლევს რომელიღაც ასოციაციას პრიორიტეტს, რომ მხოლოდ მან აკონტროლოს ჩვენი მუსიკა“ განაცხადა დათო ევგენიძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე.

Comments
Loading...