„2016 წელს ყველა კვარტალში კერძო სექტორმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის განხილვისას.
მისი ინფორმაციით, 2016 წლის პირველ და მეორე კვარტლებში შეიქმნა 33 – 33ათასი სამუშაო ადგილი, მესამე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 37 ათასამდე გაიზარდა.
პარლამენტში გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოიყვანა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც 2013 წლის შემდგომ უმუშევრობის დონე შემცირდა და 2015 წელს ისტორიულ მინიმუმამდე, 12%-მდე ჩამოვიდა. მისი თქმით, 2015 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 34.7 ათასით გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შემცირებულია თვითდასაქმებულთა რაოდენობა და 61 ათასზე მეტით არის გაზრდილი დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა. 2015 წელს 2012 წელთან შედარებით დასაქმება გაიზარდა 55,9 ათასით, დაქირავებულთა დასაქმება კი 91 ათასით, რაც შეეხება 2016 წელს, სამივე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილი იყო წინა წლის შესაბამის კვარტლებთან შედარებით.