დუნდუა: ჩემი პროგნოზი ლარის 2.0-მდე გამყარებაზე არ გამართლდა, გეგმას 1 კომპონენტი აკლია

531

ივლისის ბოლოს ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუამ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ლარის 2.0-მდე გამყარებას ელოდებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაშინ 1 დოლარის შეძენა 2.3450 ლარად იყო შესაძლებელი.

დუნდუას მაშინდელი პროგნოზი არ გამართლდა, მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. ლარი მკვეთრი გამყარების ნაცვლად მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, 1 დოლარი 2.7507 ღირს.

„აიპრესი“ მიხეილ დუნდუას ისევ დაუკავშირდა. მივმართეთ კითხვით, რას იტყოდა მის პროგნოზთან დაკავშირებით და რატომ არ გამართლდა ის.

ეკონომიკის ექსპერტი აცხადებს, რომ დედოლარიზაციის გეგმის დაწყება კარგია, მაგრამ მას ერთი კომპონენტი აკლია. კერძოდ ის, რომ კომერციული ბანკებს სავალდებულო რეზერვები ეროვნულ ვალუტაში უნდა ჰქონდეს. დუნდუას შეფასებით, ამ კომპონენტის გარეშე ლარი ვერ გამყარდება. მისი განხორციელების შემდეგ კი ლარის 2.0-მდე გამყარება სავსებით შესაძლებელია.

„მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა დაიწყეს დედოლარიზაცია, რაც თავისთავად სწორი ნაბიჯია. მაგრამ აუცილებელია, რომ მას დაემატოს ერთი კომპონენტი. სხვაგვარად დედოლარიზაცია ლარის გამყარების ინსტრუმენტად ვერ გამოდგება.

ეს რეკომენდაცია არის შემდეგი: კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვები დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში. დღეის მდგომარეობით მოზიდულ ფულს კომერციული ბანკები სებ-ს ურეზერვებს თანხის 20%-ს. ეს არის 1 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს 1 მილიარდი დოლარი არის კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვი უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრებიდან გამომდინარე. ეს თანხა დარეზერვებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში. ეს არის სავალუტო ფონდის რეკომენდაცია. თუკი შესრულდება ეს რეკომენდაცია და ბაზარზე 1 მილიარდი დოლარის ნაცვლად რეზერვში იქნება 2.5 მილიონი ლარი ან 2 მილიონი ლარი (კურსის შესაბამისად), მაშინ ლარი მკვეთრად გამყარდება. ამ შემთხვევაში ლარის კურსის 2.0-მდე დაწევა სავსებით რეალისტურია.

ვიმეორებ, დედოლარიზაცია სწორი ნაბიჯია, მაგრამ ის უნდა გავაკეთოთ თანმიმდევრულად და მას კომპონენტები არ უნდა გამოვაკლოთ. ეს დედოლარიზაცია საფინანსო სექტორს უნდა შეეხოს. როგორც აღვნიშნე, კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვები ეროვნულ ვალუტაში უნდა დაფიქსირდეს. თუ ეროვნული ბანკი შეასრულებს სავალუტო ფონდის სპეციალისტთა ამ რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში დედოლარიზაცია ლარის გამყარებას გამოიწვევს“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

მისივე თქმით, პროცესი დაგვიანებით დაიწყო, თუმცა მთავარია რომ დაიწყო.

„პროცესი უნდა დაწყებულიყო 2015 წელს, მაგრამ მთავარია რომ დავიწყეთ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით განვახორციელოთ“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ „აიპრესთან“ საუბრისას.

Comments
Loading...