დღეს ქალაქ გორში ოქონობას დღესასწაულობენ

519

ამ დღის აღსანიშნავად  ოქონის მშენებარე ეკლესიაში  გორისა და ატენის მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) სადღესასწაულო წირვა აღავლინა. 

საეკლესიო მსახურებას მრევლთან ერთად შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, ვიცე-მერი თამაზ შიოშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ ზურაბ როსებაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 წირვის დასრულების შემდეგ მრევლმა ღვთისმსახურებთან ერთად გორის ქუჩები მსვლელობით მოიარა, რა დროსაც მეუფე ანდრიამ ქალაქი დალოცა და მის მფარველ ოქონის ხატს შეავედრა. 

ოქონობასთან დაკავშირებული სადღესასწაულო ღონისძიებები  დღის მეორე ნახევარში 18:00  ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გაგრძელდება, სადაც  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის  ორგანიზებით ადგილობრივი  კოლექტივები მაყურებლის წინაშე საკუთარ  შემოქმედებას წარადგენენ. 

ოქონობის დღესასწაული გორელთა მივიწყებული ტრადიციაა, რომელიც ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და ყოველ წელს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება. წელს გორის მფარველი ხატის დღესასწაული გორში მეთოთხმეტედ აღინიშნება.

ტრადიცია უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. 

როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი სამკარედი 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

Comments
Loading...