ირლანდია საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობას გამოაგზავნის, რომელიც გაამყარებს ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის კავშირებს – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და მას სენატის თავმჯდომარე დენის ო დონოვანი ხელმძღვანელობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებსი სამინისტრო ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილიც ესწრებოდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. დენის ო დონოვანმა იმედი გამოთქვა , რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ირლანდიის საელჩო გაიხსნება.
"მინდა მოგილოცოთ ის ახალი ეკონომიკური რეიტინგები, რომელსაც მიაღწიეთ, ამას თქვენი ქვეყნისთვის დიდი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს", – განაცხადა ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ.
ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს 5 დღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.