ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა

15

საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. მათ შორის წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასმელი, სანიტარული, სოფლის მეურნეობის, სამრეწველო გამოყენების, ტრანსპორტირებისა და, რა თქმა უნდა, ჰიდროენერგეტიკის წარმოებისთვის. ერთის მხრივ, კავკასიის მთები განთქმულია დიდი ეკოლოგიური ღირებულებით, წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას და ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლების საარსებო წყაროს და თვითმყოფადობას.

მეორეს მხრივ, ისინი წარმოადგენენ ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა წყალდიდობა, მეწყერი, კლდეების ჩამოწოლა ან მყინვარების გარღვევა, რომელთა მართვაც აუცილებელია. მთები ასევე წარმოადგენენ შესანიშნავ ადგილს ჰიდროელექტროსადგურების მოსაწყობად, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია უხვი ნალექისა და ცვალებადი რელიეფის მიერ შექმნილი ენერგიის გამოყენება.

წყლის რესურსების სწორად მართვისა და გამოყენების თვალსაზრისით, მდინარე ენგურს  და მის ჰიდროპოტენციალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს  მომავალი მდგრადი განვითარებისთვის.

ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის (EHI) იდეა დაიბადა ქვეყანაში წყლის რესურსების მართვისა და ოპტიმიზაციის გასაუმჯობესებლად. მისი მიზანია საკონსულტაციო ჯგუფის დაფუძნება მდ. ენგურის აუზში არსებული ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის აქტიური თანამშრომლობის, მონაცემთა და ინფორმაციის გაცვლის და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ჰიდრო-მეტეოროლოგიური მონაცემების გამოყენებისა და ჰიდროლოგიური მოდელირებისათვის.

ინიციატივას ხელმძღვანელობს სააქციო საზოგადოება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF), რომლის აქციების 100% სახელმწიფო საკუთრებაშია და იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. GEDF-თან ერთად პროექტში ჩართულია კიდევ რამდენიმე ცნობილი დაინტერესებული მხარე. ესენია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, საქართველოს ენერგო ბირჟა, საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი, შპს ენგურჰესი, გარემოს ეროვნული სააგენტო და ევროპის საინვესტიციო ბანკი. გარდა ამისა, მისასალმებელია სხვა კერძო და საჯარო სუბიექტების გაერთიანება.

“ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა მიზნად ისახავს გააძლიეროს თანამშრომლობა მდინარე ენგურის აუზის ძირითად ორგანიზაციებს შორის და გაამარტივოს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობები. ამ მიზნების მისაღწევად პროექტის ფარგლებში შეფასებული იქნება ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების მოპოვების შესაძლებლობები და გამოვლინდება მათი გაუმჯობესების გზები; შემუშავდება ჰიდროლოგიური მოდელები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ისეთი გამოწვევების მოგვარებას, როგორიცაა უსაფრთხოება წყალდიდობის შემთხვევაში, კლიმატის ცვლილება ან ნატანის დალექვა; ხელი შეეწყობა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას, მონაცემთა გაზიარებისა და მოდელის მფლობელობის პროტოკოლების ჩამოყალიბების გზით და ოპერატიული სისტემების შექმნით; ცოდნის გადაცემა, რათა ადგილობრივმა ექსპერტებმა დამოუკიდებლად მოაგვარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ჰიდროლოგიური პროგნოზირება ან ჰიდროენერგეტიკის წარმოების ოპტიმიზაცია და უზრუნველყონ სამუშაოს უწყვეტობა. გრძელვადიანი დაგეგმვისა და ცოდნისა და ინსტრუმენტების ადგილობრივ ორგანიზაციებზე გადაცემის გზით, პროექტის განმავლობაში მიღებული გამოცდილება ბუნებრივია გაგრძელდება მისი დასრულების შემდეგაცკერძოდ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ხელმძღვანელობით“.

პროექტს აფინანსებს ავსტრიის მთავრობა (Drive Fund), როგორც არაანაზღაურებადი დახმარება (გრანტი) საქართველოსთვის, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი  არის რეგიონში მდგრადი ჰიდროენერგეტიკული პროექტების ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი. მათ შორის აღსანიშნავია, რომ 1998 წლიდან მან დააფინანსა ენგურჰესის რეაბილიტაციის სამი ეტაპი. ამჟამად, მდინარის აუზში ახორციელებს რა რამდენიმე სხვადასხვა მცირე ჰიდროელექტროსადგურის დაფინანსებას, EBRD კვლავაც განახორციელებს ინვესტიციას ენგურჰესის მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტებში, რომლის ბიუჯეტია 35 მილიონი ევრო.

ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის  პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი, რომელიც შედგება ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტთა კონსორციუმისაგან. გუნდის ლიდერია შპს „გრუნერი შტუკი“, რომელიც სპეციალიზებულია ჰიდროენერგეტიკის სფეროში და საქართველოში  ორ ათწლეულზე მეტია საქმიანობს. ასევე, გუნდის სხვა ცნობილი წევრები არიან: შვედეთის მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ინსტიტუტი (SMHI), რომელიც ცნობილია ჰიდროლოგიაში, მეტეოროლოგიასა და კლიმატის ცვლილებაში გამოჩენილი საქმიანობით,  ასევე გერმანური კომპანია „სდ სტრატეგიები“ (SD Strategies), ინოვაციური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მდგრად განვითარებაში, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედებებში. პროექტის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულები ენერგეტიკის, ჰიდროლოგიის, კლიმატოლოგიის ადგილობრივი ექსპერტები.

ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა ინვესტიციაა ჩადებული როგორც ახალი მეტეოროლოგიური და ჰიდრომეტრიული საზომი სადგურების დამონტაჟებაში, ასევე რეალურ დროში მათემატიკურ მოდელებში, რომლებიც ეფექტურად გამოიყენებენ შეგროვებულ მონაცემებს. ეს უზრუნველყოფს მდინარე ენგურის აუზის მსოფლიო დონეზე მართვისთვის საჭირო საბაზისო ინსტრუმენტებს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს წყალდიდობისგან უკეთეს დაცვას და ენერგიის წარმოების დაგეგმვისა და საიმედოობის გაუმჯობესებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე მნიშვნელოვანი მიზნებია, EHI მხოლოდ აქ არ გაჩერდება. მდგრადობაზე დიდი აქცენტით, EHI ფსონებს დებს ცოდნის გადაცემაზე და წარმატებული გრძელვადიანი მოდელის შემუშავებაზე, მომავალში მონაცემთა შეგროვების, აღჭურვილობისა და მათემატიკური მოდელების შენარჩუნებისა და ფუნქციონირებისთვის.

კარგად არის გააზრებული ინიციატივის დამატებითი როლი ქვეყნის განვითარებაში, იგი აუმჯობესებს უსაფრთხოებას და აძლიერებს ეკონომიკას. უნდა აღინიშნოს, რომ ძნელად თუ მოძებნიდით უკეთეს დროს EHI დაწყებისთვის, იგი დაემთხვა კლიმატის ცვლილებას, ელექტროენერგიის ფასების ზრდას მთელ მსოფლიოში და საქართველოში ენერგიის ბირჟის დანერგვას.

ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა არის ამბიციური ნაბიჯი, რომელიც ორიენტირებულია მდინარე ენგურის ჩამონადენის  უფრო მეტად შესწავლაზე და მოქმედების უფლებას აძლევს ადგილობრივ ინჟინრებს, მეცნიერებს, სახელმწიფო მოხელეებსა და კერძო კომპანიებს. პროექტი ემსახურება იმის დემონსტრირებას, თუ როგორ შეიძლება მდინარის აუზების ეფექტური და მდგრადი მართვა. მას შემდეგ, რაც ექსპლუატაციისა და ტექნიკური მოდელის კონსოლიდაცია მოხდება, ის, რა თქმა უნდა, შეიძლება განმეორდეს ქვეყნის სხვა რეგიონებში. საქართველო დიდ სარგებელს მიიღებს უფრო ხელმისაწვდომი და საიმედო ელექტროენერგიით, უსაფრთხოებით, გარემოს დაცვით და კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებით.

Comments
Loading...