საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია "m2 უძრავ ქონებას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო შეიქმნება, რომლის ნაწილის სარემონტო სამუშაოებსაც კომპანია m2 დააფინანსებს.
აღნიშნული სივრცე სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ კუთხესა და რეგისტრატურას გააერთიანებს. ეროვნული ბიბლიოთეკისა და m2-ის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ეს ადგილი ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი სივრცე უნდა გახდეს. ის ჩაფიქრებულია, როგორც ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული ადგილი.
ვაჟა-ფშაველას კომპლექსი საღამოობით საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და წიგნის პრეზენტაციებსაც უმასპინძლებს.
"ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველოს შექმნა საკუთარი არსით იქნება ერთგვარი ხიდი ტრადიციულ სამკითხველოსა და ინოვაციურს შორის, ერთგვარად ისეთი, როგორიც იყო თვითონ ვაჟა. ამ სივცრის ნებისმიერი შემადგენილი უკიდერსად მნიშვნელოვანი და საჭიროა თანამედროვე ბიბლიოთეკისთვის", – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
"m2-სთვის, ჩვენი თითოეული თანამშრომლისთვის ძალიან დიდი პატივია ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველოს შექმნაში მონაწილეობის მიღება. გვიხარია, რომ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცე შეემატება. განათლების ხელშეწყობა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვასთან და ადაპტირებული გარემოს შექმნასთან ერთად", – განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.