ვაშაძის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე უახლოეს დღეებში ქვეყნის დატოვებას გეგმავს

351

ოპოზიციური პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერის,  გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე უახლოეს დღეებში ქვეყნის დატოვებას გეგმავს. გიორგი ვაშაძის თქმით, ინფორმაცია ამის თაობაზე მას იმ სამართალდამცველებმა მიაწოდეს, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა დისკუსიებში არიან ჩართულები.

ოპოზიციური პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ შეეცდებიან საქმე იქითკენ შემოატრიალონ, რომ ლაშა თორდია დებოშის მოყვარული ან ალკოჰოლისადმი მოდრეკილი პიროვნებაა. იმ შემთხვევაში კი, თუ ვერ მოხერხდება საქმის შემოტრიალება, ფარცხალაძე საქართველოს დატოვებს. 

ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამაზე მიუთითებს მის სახლში სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული შეხვედრებიც, სადაც ვაშაძის ინფორმაციით ფარცხალაძის ქვეყნიდან გასვლის გეგმებს განიხილავენ.

"გიორგი ვაშაძე-ახალი საქართველოს" ლიდერი მოუწოდებს პარლამენტს, დაუყონებლივ შეიქმნას საგამოძიებო კომისია.  ასევე, მიმართავს პროკურატურას, სასამართლო შუამდგომლობით, ფარცხალაძეს შეეზღუდოს საქართველოს ტერიტორიის დატოვება იმ დრომდე, სანამ ჭეშმარიტება არ დადგინდება.

Comments
Loading...