ზაზა შენგელია: დავაანონსებ, პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს ცვლილებებს კანონში საავტორო უფლებების შესახებ

30

„მე წარმოვადგენ „ბრავო რეკორდსს“ და ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თავიდანვე იყო საავტოო უფლებების დაცვა. ასე იყო დაარსების პირველივე დღიდან და ერთ-ერთი საამაყო ის გვაქვს, რომ  „ბრავო რეკორდსმა“ შემოიყვანა საქართველოში ისეთი დიდი მუსიკალური ლეიბლები, როგორიც არის „ვორნერი“, „სონი“, „უნივერსალი“ და მათი რეპერტუარის ლიცენზირება დავიწყეთ. ეს იყო დიდი გარღვევა.  ჩვენს სფეროში, დაახლოებით, ნატოს წევრობას უდრიდა ამ თვალსაზრისით.“ – განაცხადა „ბრავო რეკორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ ტელეკომპანია „იმედის“ეთერში, გადაცემა „პრაიმშოუში“  საავტორო უფლებებზე საუბრისას.

ზაზა შენგელიას განცხადებით, საავტორო უფლებების დაცვის  თემა ძალიან მნიშვნელოვანია მისი კომპანიისთვის.

„ჩვენ ვართ სერიოზული ბიზნეს მოთამაშე, როგორც კომპანია. დიდი თანხა გვაქვს ინვესტირებული მე და ჩემს პარტნიორებს ამ კომპანიაში და, სამწუხაროდ, დღეს შექმნილი სიტუაცია არ იძლევა საშუალებას, რომ მუსიკალური ბიზნესი სრულფასოვნად განვითარდეს საქართველოში.

კოლექტიური მართვის ორგანიზაციასთან დაკავშირებით, რაზეც დღეს არის საუბარი, „ბრავოს“ არც ერთი  და არც მეორე მხარის მიმართ კონკრეტული ინტერესი არ აქვს. ეს ზოგადად ჩვენი სფერო არ არის. უბრალოდ, მაყურებლისთვის მინდა გასაგები რომ იყოს – ალბათ ეს მაინც უნდა გახდეს სფერო, რომელიც  ცივილიზებულად, ადამიანურად, ძალიან ნორმალურად შეძლებს გადაწყვიტოს პრობლემა.

ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომლებიც გაწევრიანებულნი იყვნენ საქართველოს  საავტორო უფლებათა ასოციაცია „ჯისიეიში“, დატოვა ეს ასოციაცია და შექმნეს ახალი, „გერა“. ეს არის ჯიუტი ფაქტი. ისინი ახალ გაერთიანებაში ბევრად კომფორტულად გრძნობენ თავს, ბევრად უფრო მეტ ჰონორარს ღებულობენ, ბევრად კმაყოფილები არიან „გერას“ მომსახურებით, ბევრად გამჭვირვალეა მათთვის იქ ყველაფერი და ასე შემდეგ…

მე როგორც ვიცი, დავაანონსებ ამასაც, პარლამენტში უახლოეს მომავალში ინიცირებული იქნება კანონში ცვლილებები, სადაც უკვე ლეგალურადაც განმტკიცდება კოლექტიური მართვის ახალი მოდელი საქართველოში.“ – განაცხადა ზაზა შენგელიამ.

მისივე განმარტებით, ერთადერთი კომპანიის არსებობა, რომელიც  რეალურად  მონოპოლისტია, არ იქნება გამართლებული დღევანდელ საქართველოში.

„რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ იურისტებმა, რომ მხოლოდ ეს მოდელია საქართველოში გამართლებული, ათჯერ უფრო მეტი არგუმენტის მოტანა შემიძლია პირადად მე, თუ რატომ არ უნდა იყოს ერთი და მონოპოლისტი ორგანიზაცია ჩვენს ქვეყანაში.

რაც შეეხება კონკრეტულ დივაისებს, რომლებიც ზუსტად აღრიცხავენ, ჰორეკას რომელ ობიექტში რომელ საათზე, წუთსა და წამზე რომელი მუსიკალური ნაწარმოები სრულდება – ამას დაკავშირებით მინდა ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ამ მიმართულებით გარღვევა მოახდინა სწორედ „გერამ“.

ზაზა შენგელია ამბობს, რომ ამ თემაზე ის „ჯისიეის“ დირექტორს, გიგა კობალაძესაც ესაუბრა რამდენიმე წლის.

„გიგა კობალაძეს პარლამენტში ვუთხარი, როდესაც იყო საკომიტეტო მოსმენა, უფრო სწორად გავახსენე –  2015 წელს „ბრავო რეკორდსი“ მუშაობდა, „ჯეოსელთან“ ერთად, მობილურ ტელეფონებში მუსიკის სტრიმინგის შექმნაზე. ჩვენი უნგრელი პარტნიორი, რომელიც მოწინავე კომპანიაა ახალი მუსიკალური ტექნოლოგიები სფეროში, ჯერ კიდევ 2015 წელს გვთავაზობდა ამ დივაისებს.

ანუ, საქართველოს ბაზარზე გვთავაზობდა დივაისებს, რომლებიც დამონტაჟდებოდა ჰორეკას ყველა ობიექტში: კაფეში, რესტორანში, სასტუმროში და ასე შემდეგ… წამების სიზუსტით აღრიცხავდა ყველა რეპერტუარს, რომელიც იმ მომენტში სრულდებოდა. ჩემდა გასაკვირად, მაშინ მაშინ როცა გიგა კობალაძეს ეს ყველაფერი შევთავაზე და იქ მე მარტო არ ვიყავი, მან აბსოლუტურად გაურკვეველი მიზეზების გამო უარი განაცხადა. მიზეზი დღემდე არ ვიცი.

მოკლედ, მინდა ვთქვა, რომ რეალურად  მართლა დიდი პრობლემა გვაქვს –  სამასმა ავტორმა უკვე დატოვა  ძველი ასოცოაცია და ამასთან, ეს ავტორები და შემსრულებლები ძალიან წონიანი და პოპულარული ავტორ-შემსრულებლები არიან. ეს პროცესი ეხლაც, ამ წუთასაც გრძელდება, ანუ დინამიურია. მე ვფიქრობ, რომ ამ ფაქტს ყველამ რეალისტურად და ცივილიზებულად უნდა შევხედოთ, მივცეთ ხელოვანებს არჩევანის საშუალება.

ჩემი მიდგომა ასეთია, შემდგარ ფაქტზე თვალს ვერ დავხუჭავ.

გარდა ამისა, მე როგორც ვიცი და „გერაში“ გადასულმა ავტორ-შემსრულებლებმაც მთხოვეს პირადად გამეჟღერებინა: მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენიმე წელია უნდობლობა გამოუცხადეს „ჯისიეის“ ხელმღვანელს გიგა კობალაძეს და გამოვიდნენ მისი საავტორო უფლებების ასოციაციიდან, მათ კუთვნილ თანხებს ისევ გიგა კობალაძის ორგანიზაცია კრებს და ყველანაირი მეთოდებით ხელს უშლის იმას, რომ „გერაში“ გადასულმა ხელოვანებმა მიიღონ თავიანთი კანონიერად კუთვნილი ჰონორარი. ეს სერიოზული დანაშაულია და ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია“ – განაცხადა ზაზა შენგელიამ.

Comments
Loading...