ხულო ზარზმის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია. სამუშაოები ორ ეტაპად იყოფა: 1. ხულო-გოდერძის 29 კილომეტრიანი მონაკვეთი (81 მლნ ლარი). 2. გოდერძი-ზარზმის 16 კილომეტრიანი მონაკვეთი (32 მლნ. ლარი).
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე "აიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, პროექტი თავისი მნიშვნელობით, უპრეცედენტოა.
ზურაბ პატარაძე: "საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება მიწების გამოსყიდვის პროცესი და ჩვენ მივიღებთ მაღალი კლასის საავტომობილე გზას ხულო-ზარზმის მიმართულებით.
შარშან ვაანონსებდით და ფაქტობრივად, დასასრულს მიუახლოვდა ტენდერი. ეს არის, შეიძლება ითქვას, საუკუნის პროექტი.
პირველ ეტაპზე დაიწყება გზის მშენებლობა ხულო-გოდერძის მიმართულებით. უკვე დაიწყო განსახლება, ვაკეთებთ აბსოლუტურად საერთაშორისო სტანდარტებით თანამედროვე ტიპის გზას. აქ იქნება მოწყობილი გაბიონები, სანიაღვრე სისტემები და ფართე კომფორტული გზა. რაც მთავარია, ეს გზა მისცემს საშუალებას ადამიანებს, ზამთარ-ზაფხულ, ოთხივე სეზონზე იმოძრაონ. ანუ მეტი ტურიზმი, მეტი განვითარება, მეტი სატრანზიტო მიმოსვლა, ვფიქრობ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მაღალმთიანი აჭარისთვის.
ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება იყო მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, ეს არის მოსახლეობისთვის უდიდესი შვება, ამ მიმართულებით მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ უკვე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან, ცალიბაურიდან, უშუალოდ შუახევის მუნიციპალიტეტამდე, ხიჭაურამდე, უკვე დაგეგმილი და ფაქტობრივად შეძენილია გაზიფიცირების პროექტი . ეს არის პირველი ეტაპი ბათუმი-შუახევი.
– დაახლოებით რამდენი აბონენტის გაზიფიცირებას გეგმავთ…
11000-მდე პირველ ეტაპზე და პლიუს ამას დაემატება აუცილებლად მეორე ეტაპი შუახევიდან გოდერძის უღელტეხილამდე.