2017 წლის 2 ივნისს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პარტნიორთა რიგით მე-13 შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. მან ENPARD-ის I და II ფაზების ფარგლებში გაწეული საქმიანობები შეაჯამა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პროგრამის და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე.
ევროკავშირის ატაშემ, პროგრამის მენეჯერმა ალვარო აპარიციო ორტეგამ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესახებ და ასევე ისაუბრა ENPARD-ის III ფაზის მოლაპარაკებების მიმდინარეობის თაობაზე. ბატონმა ორტეგამ ასევე ხაზი გაუსვა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მნიშვნელობას ქვეყნისთვის.
FAO-ს ENPARD-ის პროექტის მენეჯერმა და მხარდაჭერის ოფიცერმა, ხავიერ სანზ ალვარესმა წარმოადგინა FAO-ს ხედვა საქართველოში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ქმედებების შესახებ. ორგანიზაციის რეკომენდაციები შეეხება მიწის გონივრულ გამოყენებასა და დაგეგმვას, ნიადაგის მოვლის კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განხორციელებას, წყლისა და მოსავლის მართვას, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების შემცირებას, სასოფლო-სამეურნეო მოტეოროლოგიის ჩამოყალიბებას და სხვა.
შეხვედრა ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ENPARD-ის პროექტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ქონდათ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ და გამოცდილებები გაეზიარებინათ.
ღონისძიების ბოლოს შედგა ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენელთან პრეზენტაციები. ორგანიზაციების UNDP, Mercy Corps, Care, PIN, Oxfam, RDFG, HEKS-EPER, GIPA წარმომადგენლებმა ENPARD-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტების აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომელთაც თავის მხრივ, მოკლედ მიმოიხილეს საკუთარ პროექტებში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობები.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით. 2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი: www.enpard.ge