2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების სესხების მოცულობა 15.4%-ით გაიზარდა. შესაბამისს მონაცემებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
ეს მეტწილად გამოწვეულია ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მნიშვნელოვანი ზრდით (23.2%). უცხოური ვალუტით გაცემული სესხები 6.5%-ით არის გაზრდილი.
ეროვნული ვალუტით დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთი დიდი მერყეობით ხასიათდება უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთთან შედარებით. 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული და უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა შემცირებულია (0.8 პროცენტული პუნქტი) და 12.4 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ეროვნული ვალუტით დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთი, საშუალოდ, 20.9%-ს, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთი კი 8.5%-ს შეადგენს.
2017 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების სტრუქტურა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შემცირებულია ვაჭრობისა (-2.9 პროცენტული პუქტი) და მრეწველობის (-1.7 პროცენტული პუნქტი) წილი მთლიან სესხებში, ხოლო გაზრდილია მშენებლობის (2.2 პროცენტული პუქტი), ჯანდაცვისა (0.9 პროცენტული პუნქტი) და სასტუმროებისა და რესტორნების (0.8 პროცენტული პუნქტით) წილი მთლიან სესხებში.
2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, უმოქმედო სესხების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (5.8%, 73 მლნ. ლარი), თუმცა, უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში შემცირებულია (-0.6 პროცენტული პუნქტით) და 7.4%-ს შეადგენს, რაც, მეტწილად, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით აიხსნება. აღნიშნულ პერიოდში სპეციალური რეზერვები ფარავს უმოქმედო სესხების 48%-ს.
2017 წლის იანვარ-თებერვალში 1,000 ლარამდე გაცემული სესხების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული (-316,743 ერთეული), მაშინ როდესაც უცხოური ვალუტით გაცემული იმავე მოცულობის სესხების რაოდენობა გაზრდილია 5,705 ერთეულით. ამის საპირისპიროდ, 1,000-100,000-ლარამდე გაცემული სესხების რაოდენობა ჯამში გაზრდილია 63,612 ერთეულით, ხოლო იმავე მოცულობის უცხოური ვალუტით გაცემული სესხების რაოდენობა შემცირებულია 4,662 ერთეულით. აღნიშნული შემცირება მეტწილად გალარების სახელმწიფო პროგრამით შეიძლება აიხსნას.
100,000 და მეტი მოცულობის სესხების შემთხვევაში, ზრდა ფიქსირდება როგორც ეროვნული ვალუტით, ასევე უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებში, თუმცა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების რაოდენობა მნიშვნელოვნად (15-ჯერ) აღემატება უცხოური ვალუტით გაცემული სესხების რაოდენობას.