“თიბისი კაპიტალმა” კომპანია “ნიკორას” 10 მილიონი დოლარის ობლიგაციების განთავსება განახორციელა

339

რამდენიმეთვიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ "თიბისი კაპიტალმა" კომპანია "ნიკორას" ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა. ობლიგაციების მოცულობა 10 მილიონი აშშ დოლარია. ფასიანი ქაღალდების ადგილობრივ ბაზარზე ეს არის არაფინანსური ჯგუფის კომპანიის ყველაზე მსხვილი განთავსება ამ დროისათვის, – აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

"ნიკორას" ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 9%. ინვესტორების მოძიება, დაინტერესება და ობლიგაციების მიწოდება "თიბისი კაპიტალმა" განახორციელა. "თიბისი კაპიტალმა", პროექტზე მუშაობის პერიოდში კომპანიის დაფინანსების და ბაზრის მოთხოვნები სიღრმისეულად შეისწავლა, რის საფუძველზეც მოხდა ობლიგაციების რაოდენობისა და ფასის განსაზღვრა.

"საქართველოს ბაზრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ემისია  და მოხარული ვართ, რომ ჩვენი შვილობილი კომპანიის დახმარებით ეს შეთავაზება წარმატებით და ეფექტურად შედგა", – განახცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

"კმაყოფლი ვართ, რომ კომპანიას ამ მასშტაბის განთავსებაში ეფექტურად დავეხმარეთ. ვფიქრობთ, რომ ინვესტორების დიდი დაინტერესება განპირობებული იყო კომპანია "ნიკორას" მრავალწლიანი ისტორიით, კვების პროდუქტების წარმოებისა და საცალო გაყიდვების ბაზარზე მისი წამყვანი პოზიციით და ობლიგაციების სწორად განსაზღვრული  ფასით. ვთვლით, რომ ამ მასშტაბის განთავსება ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის გაფართოებას და მომავალში სხვა კომპანიების გააქტიურებას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე", – განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ. 

"მოხარული ვართ, რომ ჩვენი ობლიგაციების გამოშვება ისევ წარმატებით დასრულდა. კომპანიას მსგავსი გამოცდილება წარსულშიც ჰქონდა – გასულ წელს სს "ნიკორას" ჰოლდინგში შემავალი სუპერმარკეტების ქსელმა 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა. ახალი ობლიგაციების გამოშვება დაგვეხმარება, მეტად მოქნილები ვიყოთ ფინანსურად და მოზიდული რესურსების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ", – განაცხადა კომპანია "ნიკორას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

Comments
Loading...