2017 წლის იანვარი-თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის მხრივ კვლავ აზერბაიჯანი ლიდერობს (221 000 კაცი). ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი რუსეთიდან (36.0%, 31 400 კაცით), სომხეთიდან (18.2%, 24 300 კაცით) და ირანიდან (5-ჯერ, 12 400 კაცით). ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია თურქეთიდან (-11.6%, -19 700 კაცით), თუმცა კვლავ რჩება რიგით მესამე პარტნიორ ქვეყნად. შესაბამისს ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის სააგენტო ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებიდან გაზრდილია 4 200 კაცით და მთლიანი ვიზიტორების 3.1%-ს შეადგენს.
2017 წლის იანვარი – თებერვლის პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი გაზრდილია (10.5%; 71 000 კაცით), 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 775 000 კაცს შეადგენს. მთლიანი ვიზიტორების დაახლოებით 45% (333 000 კაცი) მიეკუთვნება კატეგორიას "ერთდღიანი ვიზიტი", 17% (128 000 კაცი) საქართველოს სტუმრობს ტრანზიტული მიზნით, ხოლო 37% (294 000 კაცი) არიან ის ვიზიტორები, რომელებიც საქართველოში 24 საათზე მეტს ატარებენ.
ვიზიტორების ზრდა ფიქსირდება როგორც იანვარში (19.8%, 64 000 კაცით), ასევე თებერვლის თვეში (2.1%, 8 000 კაცით). აღსანიშნავია, რომ 2017 წელს გაგრძელდა ვიზიტორების ზრდის 2016 წლის ტენდენცია. კერძოდ, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (7.6%, 450 ათასი კაცი) და 6.3 მლნ. კაცი შეადგინა. საინტერესოა, რომ 2016 წელს ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა ყველა თვეში აგვისტოს გარდა, როცა ვიტიზორების რაოდენობა 5 000 კაცით შემცირდა.