იანვარ-მაისში ექსპორტი 28.7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 10.8%-ით

340

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3944.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1003.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 2941.4 მილიონ აშშ დოლარს.

2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1090.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია. დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-მაისში 1285.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2017 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.8% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (591.1 მილიონი აშშ დოლარი), რუსეთი (430.5 მილიონი აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (316.3 მილიონი აშშ დოლარი).

2017 წლის იანვარ-მაისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 170.1 მიოლიონი აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 17.0% შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 123.6 მილიონ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.3%-ს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 67.7 მილიონი აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6.8% შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-მაისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 238.3 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.1% შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 185.2 მილიონი აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.3% იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 169.7 მილიონი აშშ დოლარით.

Comments
Loading...