2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 641 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 26 პროცენტით მეტია. შესაბამისს მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
აქედან ექსპორტი 159 მილიონი აშშ დოლარი იყო (44 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 481 მილიონი აშშ დოლარი (21 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტშიც 28 პროცენტი და იმპორტშიც 28 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 26, 25 და 27 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 28 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მარტში ასევე 28 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-მარტში 751 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 35 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 205 მილიონი აშშ დოლარი (59 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 546 მილიონი აშშ დოლარი იყო (27 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 36 პროცენტი და იმპორტში 32 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 29, 28 და 29 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-მარტში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მარტში 29 პროცენტი).
2017 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (331 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (255 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (207 მლნ. აშშ დოლარი).
2017 წლის იანვარ-მარტში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 98 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 17 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 81 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 14 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 35 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-მარტში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 138 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 122 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 105 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).