ირაკლი კოვზანაძე: ივანიშვილმა ეკონომიკური პრობლემების სწორი ხედვა და ანალიზი წარმოგვიდგინა

85

"ბიძინა ივანიშვილმა თავის ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, პრობლემებისა და გამოწვევების სწორი ხედვა და ანალიზი წარმოგვიდგინა", – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც გუშინ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით,   საქართველოს  ეკონომიკური ზრდის კარგი ტემპი აქვს, თუმცა, მისთვის დამახასიათებელი არ არის ინკლუზიურობა, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის სიკეთე მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ყოფაზე არ აისახება.

"ბატონმა ბიძინამ ასევე ხაზი გაუსვა  ჭარბვალიანობის უარყოფით ეფექტს სოციალური, სისტემური და მაკროეკონომიკური თვალსაზრისით. ჩემი მხრივ, აღვნიშნავ, რომ სოციალური თვალსაზრისით, ჭარბვალიანობა გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს 500 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს. მათ შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ზოგჯერ 75%-იც კი, სესხების მომსახურებაზე მიდის.

სისტემისთვის – საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ჭარბვალიანობა საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას; მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ არა ვალებით ასეთი მაღალი დატვირთვა, ეკონომიკური ზრდა 0.8%-ით უფრო მაღალი და, რაც მთავარია, გაცილებით ინკლუზიური იქნებოდა" – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბოლო თვეებში საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ამ და სხვა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა, მათ შორის, გამოცხადდა ამნისტია 2013 წლამდე დაგროვილ საგადასახადო დავალიანებებზე, დაწესდა რეგულაციები საბანკო და არასაბანკო სექტორის ზედამხედველობის გამკაცრების მიმართულებით, განისაზღვრა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი, მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით დაწესდა შეღავათები. კოვზანაძის თქმით, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებების ეფექტს საკუთარ თავზე იგრძნობს ასეულობით ათასი საქართველოს მოქალაქე.

Comments
Loading...