საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ირანშივიზიტის ფარგლებში, ქ. იაზდის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პარკში გაიხსნა ირანულ-ქართული ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრი. სტარტაპებს, რომლებსაც სურთ ირანის 80 მილიონიან ბაზარზე შესვლა, აღნიშნული ცენტრის სამუშაო სივრცედ გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე, საააგენტომ, სამომავლო თანამშრომლობის განსახილველად, შეხვედრები გამართა ქ. იაზდის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პარკში არსებულ ბიოტექნოლოგიების ლაბორატორიასთან, IT და ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლობასა და სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკის ხელმძღვანელობასთან.
მრგვალი მაგიდის ფორმატში, სააგენტომ საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო ირანულ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში წარმომადგენლობის გახსნით.
ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას, სტარტაპების ხელშეწყობას და მათ ირანის 80 მილიონიან ბაზარზე დამკვიდრებას.
აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველ სტარტაპებს შესვლასა და საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.
შეგახსენებთ, ირანში ვიზიტისას სააგენტოსა და ქ. იაზდის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პარკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მთავარ საგანს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება სტარტაპების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით.