“ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე.” – საქართველო გლობალური ფულის კვირეულს აღნიშნავს

433

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, კომერციული ბანკების, ტექნოპარკის, საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით გლობალური ფულის კვირეული საქართველოში წელს უკვე მეოთხედ აღინიშნება.

გლობალური ფულის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის თვეში იმართება, და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობაში ფინანსური და ეკონომიკური ცოდნის ამაღლებას. კვირეულის ფარგლებში, ბავშვები და ახალგაზრდები ერთვებიან ფინანსების, ბავშვთა უფლებებისა და მეწარმეობის საკითხების შესახებ საუბარში. წლევანდელი კვირეულის გზავნილია: "ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე."

გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში მრავალი ღონისძიება და აქტივობა არის დაგეგმილი, საქართველოს ეროვნული ბანკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის ორგანიზებით, ჩატარდება ხატვის, ფოტოგრაფიისა და ესსეების კონკურსი ბავშვებისთვის საინტერესო ფინანსურ და სამეწარმეო თემებზე. საუკეთესო ნაშრომების შედარებით მცირეწლოვან ავტორებს საქართველოს ეროვნული ბანკი ყვარელში, ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც მოსწავლეები მოისმენენ ლექციას ეროვნული ბანკის ისტორიისა და ფუნქციების, კომერციული ბანკების საქმიანობის, ფულის ისტორიისა და "გლობალური ფულის კვირეულის" შესახებ. გამარჯვებულ უფროსკლასელებს კი საქართველოს ეროვნული ბანკი საკასო ცენტრში მიიწვევს, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ადგილზე დაათვალიერონ საკასო ცენტრი, შემდგომ კი ახალგაზრდები ფინანსური განათლებისა დაჩართულობის საკითხებზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, კობა გვენეტაძესთან ერთად იმსჯელებენ, და მიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებს, მათ შორის, "ფინკა ბანკისგან". გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვები ეწვევიან ტექნოპარკს, სადაც  მოისმენენ ლექციას ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის შესახებ, და გაეცნობიან სტარტაპების საქმიანობას.

წლევანდელი გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში კომერციული ბანკების ჩართულობით დაგეგმილია გარკვეული აქტივობები, კერძოდ, "ფინკა ბანკი", "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" ბავშვებს არაერთ სახალისო-შემეცნებით პროექტს შესთავაზებს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს-ინკუბატორი კი სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას განახორციელებს.

Comments
Loading...