კალაძე: უცხოელებს ბინადრობის მოწმობის მისაღებად 35 000 დოლარი 100 000-ით უნდა გაეზარდოთ

68

"ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს უცხოელების მიერ საქართველოში ბინადრობის მიღების უფლებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი: კერძოდ, დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება." – კახა კალაძე უცხოელი მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების გამკაცრებას ითხოვს.

კალაძის თქმით, აღნიშნული რეგულაციების მიხედვით, კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ღებულობს ერთწლიანი ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი უძრავი ქონებით შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხოელებისთვის.

"ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში, აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც შესაბამისობაში იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. ამ თემაზე მქონდა საუბარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრ ილია წულაიასთან და ჩვენ უკვე ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნება 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას, იგი დაკარგავს ბინადრობის უფლებას.

ანუ შეუძლებელი იქნება ერთი უძრავი ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება. რაც შეეხება ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მიღებას. დღეს მოქმედი წესით თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე განახორციელებს 300 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციას, მას ენიჭება განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება. ჩვენი ინიციატივა არის 300 000 ლარი შეიცვალოს 300 ათასი დოლარით და მუდმივი ბინადრობის უფლება შეიცვალოს 5-წლიანი ბინადრობის უფლებით. ამის თაობაზე კანონპროექტი ინიცირებულია და მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს მხარი დაუჭირონ მას, რათა დროულად დამტკიცდეს." – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...