კახა კალაძე: ჩემს მერობაზე საუბარი უმრავლესობასთან შეხვედრისას, ბუნებრივია, იყო

346

ემზადება თუ არა ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დედაქალაქის მერობისთვის? როდის დაასახელებს მმართველი პარტია თავის კანდიდატს და დათანხმდება თუ არა კახა კალაძე გუნდის შემოთავაზებას? "აიპრესის" კითხვებს ამ თემასთან დაკავშირებით ვიცეპრემიერი პასუხობს, ვრცელ ინტერვიუს კი უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

– ბატონო კახა, განიხილება თუ არა უმრავლესობაში თქვენი კანდიდატურა თბილისის მერად?

– დიახ, საუბარი ბუნებრივია იყო. ბოლოს, მუხრანში, რამდენიმე დღის წინ უმრავლესობასთან დიდი შეხვედრა გვქონდა და დღის წესრიგში ერთერთი თემა ესეც იყო., თუმცა პროცედურულად პოლიტსაბჭო უნდა შედგეს,  ბოლო დეტალებზე შევჯერდეთ და და იქ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, რომელსაც ჩვენი გუნდის ლიდერი, პრემიერ-მინისტი ოფიციალურად გააჟღერებს. ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი.

– თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით? რამდენად გაქვთ სურვილი და მზაობა გახდეთ დედაქალაქის მერი? 

– ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა ქვეყნის სამსახურის სურვილში პრიორიტეტული. ასე იყო 2012 წლის გამარჯვების შემდგომ, როცა ენერგეტიკის სექტორი ჩამაბარეს, ასე არის დღეს , როცა გუნდმა გადაწყვიტა ამ რთულ და საპასუხისმგებლო პოზიციაზე ჩემი წარდგენა… და ყოველთვის, მომავალშიც, სადაც არ უნდა ვიყო, იმ ადგილიდან შევასრულებ ჩემს მოვალეობას პირნათლად ქვეყნის და საზოგადოების საკეთილდღეოდ..

– ვთქვათ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გუნდმა. თბილისელების რეაქცია არ გადარდებთ? გახსოვთ, ალბათ, დავით ნარმანიაზე რა ამბავი იყო ატეხილი… ისე ამთავრებს თავის მერობას, დღესაც განხილვის თემაა მისი არათბილისელობა. ამაზე თუ გიფიქრიათ? პოლიტიკისოებიც კი არ ერიდებოდნენ წარმოშობაზე საუბარს… 

– სადარდებელი რას ნიშნავს? იცით თბილისელობას საკმაოდ უცნაური განმარტებები თანდევს … საერთოდ არ მესმის ის კრიტერიუმები, რითიც ადამიანის შეფასება ხდება ამ მიმართულებით. თბილისი არის მრავალენოვანი და მრავალეროვნებიანი ქალაქი, საქართველოს სხვადახვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანების ქალაქი. ოდითგანვე, ისტორიულად იყო ასე. მეოცე საუკუნის შუიდან დღემდე ეს მიგრაცია უწყვეტ პროცესად იქცა… ალბათ ეს არის ჩვენი ქალაქის განსაკუთრებულობა და ეს მოზაიკური ქალაქი თავისი მრავალენოვანი და მრავალკუთხოვანი მოქალაქეებით, არის რეალობა.

თბილისი უნდა გიყვარდეს, თბილისი უნდა გტკიოდეს, ეს არ არის მარტო სადღეგრძელოს თემა, ეს არის თითოეული აქ მაცხოვრებელი ადამიანის შემადგენელი ნაწილი. თუ როგორც სხეულის ნაწილს ვერ გრძნობს თბილისს – ესე იგი არ ხარ თბილისელი – ესაა ჩემთვის შეფასების კრიტერიუმი. თბილისის სიყვარული, თბილისზე ამაგია თბილისელობის საზომი.  

რომ ამბობთ, პოლიტიკოსები საუბრობდნენ წინა არჩევნების პერიოდიდან წარმოშობაზეო, ეს მხოლოდ მათი პოლიტიკური კულტურის პრობლემაა. ეს არის პოპულიზმის და დემაგოგიის თემა. საქმე გაკეთებული ან არ გაკეთებული უნდა შეფასდეს ფაქტებით და არა ემოციებით და მითუმეტეს შეურაცხყოფებით. მე ვთვლი რომ სხვადახვა პოლიტიკური ინტერესის თუ გემოვნების ადამიანს, ვინც ცხოვრობ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, აერთიანებს თბილისის სიყვრული, სურვილი ქალაქის შველის და მწვავე პრობლემების დაძლევის და ეს მაძლევს იმედს, რომ თბილისში ყველაფერი კარგად იქნება.

Comments
Loading...