უნგრეთში, პოლონეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში მეორეხარისხოვანი პროდუქცია შემოაქვთ, – აღნიშნულის შესახებ ჩამოთვლილი ქვეყნების ლიდერები აცხადებენ. მათ ევროკომისიას მიმართეს მოთხოვნით, რომ პროდუქციაზე ორმაგი სტანდარტის ხარისხი დაწესდეს.
აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში პროდუქციის ხარისხებს შორის განსხვავების შესახებ ანალიზის ჩატარების შემდეგ გახდა ცნობილი. ადარებდნენ მხოლოდ ერთნაირ პროდუქციას, რომელსაც ერთი ფირმა, ერთნაირი დასახელებითა და შეფუთვით აწარმოებს, წერს myhungary.net-ი.
უნგრეთის სურსათის უვნებლობის სამსახურმა 24 დასახელების პროდუქტი გამოიკვლია. მათ შორისაა ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტები, აგრეთვე ტკბილეულობა, გამაგრილებელი სასმელები და სხვა. პროდუქციას რამდენიმე მაჩვენებლის მიხედვით აფასებდნენ – შეფუთვა, შემადგენლობა, წონა, გემო, სუნი, შაქრის შემცველობა, ცხიმისა და ცილების შემცველობა.
ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ პროდუქტები, რომლებსაც ცნობილი ფირმები აწარმოებს უნგრეთისთვის, სლოვაკეთისთვის, პოლონეთისა და ჩეხეთისთვის, ნაკლებ ხორცს, რძესა და სხვა ნატურალურ კომპონენტებს შეიცავს. სამაგიეროდ, მათში ბევრია ცხიმი, კონსერვანტები, საღებავები, არომატიზატორები და დამატკბობლები.
ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები. ბრატისლავაში ნაყიდი 22 პროდუქტიდან ნახევარი, გემოთი და შემადგენლობით განსხვავდებოდა ავსტრიაში ნაყიდი ამავე პროდუქციის ექვივალენტებისგან. კერძოდ, უალკოჰოლო სასმელები, სანელებლები, ჩაი და ხორცეული, რომელიც სლოვაკეთისთვის აწარმოეს, უფრო დაბალი ხარისხის აღმოჩნდა.
ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების ლიდერები მიიჩნევენ, რომ მსგავსი განსხვავება პროდუქციაში დაუშვებელია და ეს ევროკავშირის მოქალაქეებს "პირველი კლასისა" და "მეორე კლასის" მოქალაქეებად ჰყოფს.