საქართველოში პირველი ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა, რომელმაც ქალების კარიერულ წინსვლაზე მოქმედი ფაქტორები შეისწავლა.
სულ ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1350 ქალი. შედეგების თანახმად, საქართველოში მცხოვრები ქალების 49 % საკუთარი პროფესიით არ მუშაობს.
გამოკითხულ ქალთა 20 % დაუსაქმებლობას შვილების აღზრდით ხსნის. კვლევის თანახმად ქალთა პოპულაციაში დაბალია თვითშეფასების უნარი. გამოკითხული ქალების 14 % მიიჩნევს, რომ მამაკაცის გონებრივი შესაძლებლობები ქალისას აღემატება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას გადაწყვეტილების მიღება უჭირს, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებს.
კარიერული წინსვლის საჭიროებებად კვლევის მონაწილე პირები უცხო ენების შესწავლას, კომპიუტერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, თვითრწმენის გამყარებას და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების საჭიროებას ასახელებენ.
გამოკითხვისას ქალებს სამსახურში განცდილი ძალადობის შესახებაც მოუწიათ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. კერძო სექტორში დასაქმებული ქალების 21 %, ხოლო საჯარო სექტორში დასაქმებული ქალების 8 % შეკითხვას – განგიცდიათ თუ არა სიტყვიერი, ფიზიკური ან სქესობრივი ძალადობა სამსახურში – დადებითად პასუხობს.
ასევე, გამოკითხულ ქალთა 32 % მიიჩნევს, რომ მათი პროფესიული კარიერა მამაკაცად დაბადების შემთხვევაში უკეთ წარიმართებოდა.
ქალების გამოკითხვა მონაცემთა კვლევის ჯგუფმა (DRG) 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის თებერვალში დაასრულა.