კიევის მოთხოვნით დაკავებული მარტოხელა უკრაინელი დედა, შესაძლოა, საქართველოდან გააძევონ

338

კიევის მოთხოვნით საქართველოში 30 ივნისს უკრაინის მოქალაქე, მარტოხელა დედა ირინა სავიცკაია დააკავეს. ის ამაჟამად წინასწარ პატიმრობაშია და უკრაინის გენპროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, დეპორტაციის საკითხის გადაწყვეტას ელოდება.

სავიცკაიას ინტერესების დამცველები მისთვის  წარდგენილ ბრალდებას უკანონოს უწოდებენ და საქმის პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობენ. ამის შესახებ სავიცკაიას წარმომადგენლებმა 22 აგვისტოს "ჯეპრას" კომპეტენციის ცენტრში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს.

მათი განმარტებით,  გარდა იმისა, რომ სავიცკაია უკრაინაში ერთ-ერთი ფირმის ბუღალტერი იყო, ის რადიკალური ოპოზიციური პარტიის წევრი და რადიკალი ოპოზიციონერის სერგეი რიბალკის მეგობარიცაა. მათი ვარაუდით, უკრაინის მთავარ საგამოძიებო ორგანოს სავიცკაიას საშუალებით სურს, რომ სერგეი რიბალკას წინააღმდეგ კომპრომატები მოიპოვოს.

"სავიცკაია უკრაინის მოთხოვნით უკანონოდ არის დაკავებული, მისი ექსტრადირების შემთხვევაში, სავიცკაიას სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. უკრაინაში მის დაბრუნებას იმიტომ ცდილობენ, რომ რადიკალ ოპოზიციონერ სერგეი რიბალკზე კომპრომატები ჰქონდეთ. შემდეგ კი მასთან იგივე მეთოდებით იმოქმედებენ, რაც ჩემ მიმართ განახორციელეს, როდესაც თავს დამესხნენ, საბოლოოდ კი, მას მოკლავენ. ჩვენ მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, პრეზიდენტს, სხვა უწყებებს და ყველა კანონიერი გზით ვცდილობთ, მისი სიცოცხლე შევინარჩუნოთ. ჩვენ ვენდობით საქართველოს დემოკრატიულ იდეალებს და სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ აქ", – განაცხადა "სნეკ -ექსპორტის" (S. GROUP) გენერალურმა დირექტორმა სერგეი ბელიმ.

სავიცკაიას ქართველი ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, უკრაინის პროკურატურის მიერ სავიცკაიასთვის წარდგენილი ბრალი აბსურდული და უკანონოა.

"სავიცკაიამ, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერი იყო, ამავე ორგანიზაციის დირექტორთან ერთად, სასამართლოს მიმართა, რომ მომხდარიყო მეორე კომპანიისთვის დავალიანების დაკისრება და სასამართლოს გზით აღნიშნული დავალიანების ამოღება. ეს უკრაინის პროკურატურის მიერ შეფასებულია, როგორც კომპანიის ქონების მითვისების მცდელობა. აღნიშნული აბსურდული ბრალდებით შეკერილია სისხლის სამართლის საქმე, რომლის საფუძველზეც სავიცკაია საქართველოში დააკავეს და დღეს მის ექსტრადირებას ცდილობენ", – აღნიშნა კონდახიშვილმა.

როგორც სავიცკაიას ქართველმა ადვოკატმა განმარტა, უკრაინის სასამართლომ განიხილა სავიცკაიას სარჩელი, რაც შემდგომში დააკმაყოფილა. რაც შეეხება სავიცკაიას მიმართ წაყენებულ ბრალდებას, კონდახიშვილის განმარტებით, უკრაინაში ორი ინსტანციის სასამართლომ მის დაპატიმრებაზე უარი განაცხადა.

"მიიჩნიეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პიროვნების დაპატიმრებისთვის საფუძველი არ არსებობდა. ჩვენ უკრაინის ოფიციალური სახელმწიფო ექსპერტიზაც გვაქვს, რომ ამ საქმეში არ არის დანაშაულის ნიშნები, ეს არის სამოქალაქო დავა. 2 წლის შემდეგ კი მოხდა აღნიშნული საქმის გაცოცხლება. როცა სავიცკაია 2016 წელს საქართველოში ჩამოვიდა, უკრაინაში დევნა დაწყებული არ იყო. შემდგომში ფორმალურად გამოყვეს საქმე, მიანიჭეს ახალი ნომერი, თუმცა იგივე მტკიცებულებები იყო საქმეში", – აღნიშნავს სავიცკაიას ქართველი ადვოკატი.

სავიცკაიას ადვოკატები უახლოეს პერიოდში სასამართლოს მიმართავენ და სავიცკაიას გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, ამის საფუძველს აძლევთ სავიცკაიას არასრულწლოვანი შვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

სავიცკაიას უკრაინელი უფლებადამცველი რუსლან კაპრანის ინფორმაციით კი, სავიცკაიას დაკავების მეორე დღეს უკრაინის გენპროკურატურის დელეგაცია საქართველოში ჩამოფრინდა და სავიცკაიას დაკითხვას შეეცადა. მისივე განმარტებით, უკრაინის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები სავიცკაიას დაკითხვას მისი ადვოკატის გარეშე შეეცადნენ.

"უკრაინის გენპროკურატურის წარმომადგენლები სავიცკაიას დაკითხვას ადვოკატის გარეშე ცდილობდნენ, რაც უფლებების დარღვევაა და რაზეც სავიცკაიამ უარი განაცხადა. საქართველოს გენპროკურატურამ უკრაინელი კოლეგები შეუშვა ქალთა კოლონიაში, რათა სავიცკაიას დაკითხვა მომხდარიყო. სავიცკაიამ გვითხრა, რომ მას ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა უთხრეს, თუ მათთვის საინტერესო პირებზე ჩვენებას მისცემდა, მის თავისუფლებას უზრუნველყოფდნენ. აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს, რომ საქართველოსა და უკრაინის პროკურატურები ურთიერთშეთანხმებულად მუშაობენ. ვფიქრობ, ამ საქმეზე რაღაც შეთანხმება არსებობს", – აღნიშნა კაპრანმა.

სავიცკაიას ინტერესების დამცველებმა, მისი საქართველოდან უკრაინაში შესაძლო ექსტრადირების შემთხვევაში, სავარაუდო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერისა და ომბუდსმენს. მათ, ასევე მიმართეს საქართველოს დევნილთა სამინისტროს და სავიცკაიასთვის თავშესაფარი და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება ითხოვეს.

Comments
Loading...