საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება ჩვენს მოლოდინებს დაემთხვა, – განუცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს ეროვნულ ბანკში გამართულ საკოლექციო მონეტის პრეზენტაციაზე.
"როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მშპ-ის 5%-იან ზრდაზე დაიგეგმა. თუმცა, მაღალი ეკონომიკური აქტივობისა და მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, ვპროგნოზირებდით, რომ ზრდა დაგეგმილთან შედარებით მაღალი იქნებოდა. ჩვენი მოლოდინი გამართლდა – ექვსი თვის მონაცემებით, მშპ-ის ზრდამ 5,7%-ს მიაღწია. მნიშვნელოვანია, რომ სავალუტო ფონდის მისიამაც გადახედა თავის პროგნოზს და 5,5%-მდე ასწია", – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი გასულ წელთან შედარებით დაბალია, ხოლო ინფლაციის დონე მიზნობრივთან შედარებით მკვეთრად შემცირდა. ირაკლი კოვზანაძის თქმით, გაუმჯობესებული მაჩვენებლები მთავრობის, პარლამენტისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის შედეგია.
სსფ-ის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი ექსპერტები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ.