კომპანია სილქნეტმა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის შემაჯამებელი საღამო გამართა

26

საქველმოქმედო გალა ვახშამზე მიწვეულ იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, თავდაცვის სამინისტროს, ბიზნესის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

ფონდის მმართველობა დეტალური ანგარიშით წარსდგა მოწვეული სტუმრების წინაშე.

2021 წელს ფონდის მთლიანმა შემოწირულობამ შეადგინა 437 ათასი ლარი. ამ თანხიდან 300 000 ლარი  სილქნეტის ყოველწლიური შენატანია. საქველმოქმედო საქმიანობაში ფონდს შემოუერთდნენ ბიზნესმენთა ასოციაცია, კომპანია რეფტრანსი,  სხვადასხვა კერძო კომპანია თუ მოქალაქეები – სულ იურიდიულ პირთა შემოწირულობამ 420 ათასი ლარი შეადგინა, 17 ათასი ლარი კი კერძო პირთა შენატანია.

2018 წლის ივლისში, როცა სილქნეტმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დააფუძნა, მიზნად დაისახა სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების მხარდაჭერა, მათი რეაბილიტაცია და სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში.

ამ საქმიანობას ფონდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტთან და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით ახორციელებს. ეს ეხება როგორც, ბენეფიციარების დახმარებას – გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ეტლის და ადაპტირების სხვა სახეებში თანადგომა, ისე პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსებას და არასრულწლოვანი შვილების საჭიროების მიხედვით დახმარებას.

„ფონდის მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება გააერთიანოს დაჭრილ მებრძოლთა გარშემო, ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მეომრების რეაბილიტაციაზე.  სხვა წლებთან შედარებით,  წელს მეტი შემოწირულობა გვქონდა, გაიზარდა ფონდის ცნობადობა საერთაშორისო დონეზე. დამყარდა კავშირები ამერიკის მსგავს ფონდებთან. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ერთდროულად ვმასპინძლობთ ფონდის ბენეფიციარებს, ფონდის შემომწირველებს, სახელმწიფო და ბიზნეს სტრუქტურებს.“ – განაცხადა ფონდის დამფუძნებელმა, სილქ როუდ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა.

„ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ დღევანდელ საღამოს და დიდი პატივია ამ ღონისძიებაზე დასწრება, რომელიც ეძღვნება იმ ასობით ჯარისკაცს, ვინც სამხედრო მოქმედებების დროს სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს. საელჩოს ჩართულობით, ცოტა ხნის წინ 2 ქართველი ჯარისკაცი გაემგზავრა სამკურნალოდ აშშ-ში. საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი საკითხია. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი შესაძლებლობაა თავდაცვის ძალებს მადლობა გადავუხადოთ“ – აღნიშნა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

2021 წელს ფონდის ბიუჯეტიდან  81 დაჭრილ მებრძოლს გაეწია სამედიცინო დახმარება, როგორც ვეტერანებს, ისე მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს.

ჩატარდა 16 ოპერაცია;  17 სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება; ადაპტირდა 2 საცხოვრებელი ფართი ბენეფიციარებისთვის.   თანხის ნაწილი მოხმარდა მედიკამენტების და  სამხედრო მოსამსახურეთა  არასრულწლოვან შვილთა მხარდაჭერას.

ფონდი უზღუნველყოფს ბენეფიციარებს პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსებითაც. წელსვე, ფონდისა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებით  5 ურთულესი ოპერაცია ჩატარდა საზღვარგარეთ.

„რიგ შემთხვევებში ეს იყო გეგმური და გადაუდებელი შემთხვევები. უმეტესად უცხოეთის წამყვან კლინიკებში სრული კურსის გავლა – ოპერაციიდან რეაბილიტაციამდე. გვქონდა შესაძლებლობა ასევე, რომ საქართველოში მოგვეწვია სპეციალისტები და ჩვენს დაჭრილ მეომრებს და ბენეფიციარებს ადგილზე მიეღოთ სამედიცინო მომსახურება. სპეციალურად თურქეთიდან ჩამოვიდა ექიმი, რომელმაც თბილისშივე ჩაატარა  თვალის ტრანსპლანტაციის 8  ურთულესი ოპერაცია.

იყო უმძიმესი ოპერაციები ვენის და თურქეთის წამყვან კლინიკებში, სადაც ფონდმა  2008 წლის ომის მონაწილეების გადაუდებელი ოპერაციები დააფინანსა.  გვახარებს, რომ ყველა ეს ოპერაცია წარმატებული და შედეგიანია“- განაცხადა ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა.

ფონდის შემაჯამებელ ღონისძიებაზე რამდენიმე მსხვილი შემოწირულობა განხორციელდა:

ორბი – 50 000 ლარი

ჯორჯიან ეარსერვისი- 50 000 ლარი

სილქ ჰოსფითალითი – 10 000 ლარი

ვისოლი – 20 000 ლარი

ბიზნესმენთა ასოციაცია – 30 000 ლარი

დიტო აბდუშელიშვილი – 10 000 დოლარი

ამერიკული კომპანია სილქ როუდ ვაინს – 77 750  ლარი

ეს შემოწირულობები მომავალ წელს ბენეფიციართა საჭიროებებს მოხმარდება.

ფონდის საქმიანობა ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითის მიმცემია.  მით უფრო, როცა საქმე ეხება მეომრებს, ჩვენს გმირებს, რომლებმაც ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოს. ფონდი მოუწოდებს საზოგადოებას შემოუერთდეს ამ კეთილშობილურ საქმეში.

ფონდის საქველმოქმედო ნომრით ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და გახდეს ქველმოქმედი – 0 091 777 771.

შესაძლებელია, ასევე ფონდის ვებ გვერდიდან დონაციაში ჩართვა:  http://www.wwsf.ge/ka/donate-info ან ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა ფონდის ანგარიშზე: GE10BT0360001052300001

Comments
Loading...