კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” ინიციატივით ბორჯომში 1000 ნერგი დაირგვება

529

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში გარემოს დაცვითი აქციის ფარგლებში მუხის, ნეკერჩხლის და ფიჭვის 1000 ნერგი დაირგვება. ღონისძიება დედამიწის დღესთან დაკავშირებით იმართება და მის  მიზანს ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა და ამ აქციაში საზოგადოების აქტიური ჩართვა წარმოადგენს.

ხეების დარგვის კამპანიაში მონაწილეობას მიიღებენ  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, გამგეობის თანამშრომლები, ჟურნალისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეები და IDS ბორჯომი საქართველოს ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები. აქციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოხალისეებიც შემოუერთდებიან. 

26 აპრილს აქცია  სოციალურ ქსელშიც გადმოინაცვლებს და ფეისბუქის მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება ვირტუალურად გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ბუნების მიმართ. კამპანიის ფარგლებში #ბუნებისგულშემატკივარი შეიქმნა აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება პროფაილის ფოტოს შეცვლა და ამით ბუნების დაცვისა და მწვანე საფარის არსებობის აუცილებლობისათვის მხარდაჭერის გამოხატვა.  

კამპანია დაიგეგმა და ხორციელდება კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით  "ბორჯომი გულშემატკივარი", რომელიც აერთიანებს სამ ძირითად მიმართულებას – გარემოს დაცვა, განათლება, სპორტი. 

• ბორჯომის ტყის განახლების პროექტი – "ბორჯომი" ბუნების გულშემატკივარი;

• ტრენინგ ცენტრი ბორჯომში – "ბორჯომი" მომავლის გულშემატკივარი;

• კალათბურთის, რაგბის და სათხილამურო ფედერაციების სპონსორობა – "ბორჯომი" სპორტის გულშემატკივარი.

Comments
Loading...