ლექვინაძე: მესმის “ბუდაპეშტზე” საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა მეორე მხარეს სასამართლოსადმი ინვესტორის ნდობაა
“იცით, რომ წლების განმავლობაში მეც ვიყავი ქალაქის მთავრობის წევრი და საკითხს, რომელიც მემკვიდრეობად გვერგო, კარგად ვიცნობ. მესმის გადაწყვეტილების სირთულე და ვაკის პარკის მნიშვნელობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, თუმცა საკითხი სამართლებრივ ჩიხშია შესული, ინვესტორს აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და სასწორის მეორე მხარეს ახლა უკვე მთავრობისა და სასამართლოს მიმართ ინვესტორის ნდობა დევს. „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელოვნურად გაჭიანურება სხვა ინვესტორებისთვისაც ცუდი სიგნალია” – განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ვაკის პარკში დაგეგმილი 30მეტრიანი სასტუმრო “ბუდაპეშტის” პროექტის გარშემო შექმნილი ვითარების შეფასებისას.
“ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობისთვის ინვესტორის აქვს მიღებული ქალაქის მთავრობისგან სპეცნებართვა, რომელიც 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა და რომლის საფუძველზეც ინვესტორი მერიისგან ითხოვს მშენებლობის ნებართვის მიღებას.
იმედი მაქვს გამოინახება კომპრომისული გადაწყვეტილება თბილსის მერიას და ინვესტორს შორის, ისეთი, რომელიც ერთის მხრივ უპასუხებს საზოგადოებრივ ინტერესს და მეორეს მხრივ არ დაარღვევს ინვესტორის უფლებას”, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.
ბიზნესომბუდსმენის თქმით, ასეთ სიტუაციაში, პროცედურული სამართლებრივი ბარიერებით ინვესტორისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის ხელოვნურად შეზღუდვა და გაჭიანურება არღვევს ბიზნესმენის უფლებებს და უარყოფითად მოქმედებს ამ სფეროში საქართველოში ბიზნეს გარემოზე.