მაისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 12,1%-ით შემცირდა

449

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2017 წლის მაისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  85,6 ათასი ტონა, რაც 10,4 ათასი ტონით ანუ 12,1%-ით ნაკლებია აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით. 

სულ მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 371,7 ათასი ტონა, რაც 42,7 ათასი ტონით ანუ 11,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, 2017 წლის მაისში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 45,2 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 40,4 ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის მაისში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 36,3 ათასი ტონა ანუ 80,3%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი –  8,4 ათასი ტონა ანუ 18,6%,  A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 0,5 ათასი ტონა ანუ 1,1%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 39,3 ათასი ტონა ანუ 97,3%, L-62 დიზელის საწვავი – 0,2 ათასი ტონა ანუ 0.5%, DT -0.9 ათასი ტონა ანუ 2,2 %.

ქვეყნების მიხედვით 2017  წლის მაისში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან – 30,5 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 35,6%),  თურქმენეთიდან – 19,5 ათასი ტონა (22,8%), ბულგარეთიდან – 13,8 ათასი ტონა (16,1%), რუსეთიდან  – 12,9 ათასი ტონა (15,1%), საბერძნეთიდან –  5,2 ათასი ტონა (6,1%), აზერბაიჯანიდან 3,1 ათასი ტონა (3,6%),  უკრაინიდან – 0,6 ათასი ტონა (0,7%) და სხვ. 

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტი მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, მაინც უნდა ჩაითვალოს, რომ იმპორტი კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლიდან გაიზარდა აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე. ეს განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით (ინფრასტრუქტურული პროექტების, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ზრდა, სატრნაზიტო გადაზიდვები…). ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია საქართველოს სატრანსპორტო პარკის მნიშვნელოვანი ზრდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წელს საქართველოში ავტოტრანსპორტის ოდენობამ შეადგინა 831,6 ათასი ერთეული; 2013 წ – 906,7 ათასი ერთეული (+9,0%); 2014 წ – 999,1 ათასი ერთეული (+ 10,2%); 2015 წ – 1,08 მლნ ერთეული (+8,2%); 2016 წ – 1,17 მლნ ერთეული (+7,9%);

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც: 

2017 წლის მაისში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 9,0 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 2,2 ათასი ტონით აღემატება აპრილის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი –  94,4 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. 

2017 წლის მაისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,7 ათასი ტონა, რაც 0,4 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

2017 წლის მაისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,3 ათასი ტონა, რაც 6,7 ათასი ტონით ნაკლებია აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

Comments
Loading...