იანვარში FAO-ს სასურსათო ფასების ინდექსმა საგრძნობლად მოიმატა, შაქრისა და მარცვლოვანი კულტურების ფასის ზრდის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზრებზე მიწოდება მაღალ დონეზე იყო შენარჩუნებული.
FAO-ს სასურსათო ფასების ინდექსმა იანვარში შეადგინა 173.8 პროცენტი, რაც თითქმის ორი წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; ამასთან, დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით მან 2.1 პროცენტით, ხოლო 2016 წლის იანვრის მაჩვენებეთალ შედარებით – 16.4 პროცენტით მოიმატა.
FAO-ს შაქრის ფასის ინდექსმა თვის მანძილზე მკვეთრად, 9.9 პროცენტით აიწია, რაც განაპირობა გრძელვადიანი მიწოდების შეზღუდვის მოლოდინმა ბრაზილიაში, ინდოეთსა და ტაილანდში.
FAO-ს მარცვლეულის ფასის ინდექსი დეკემბრიდან 3.4 პროცენტით გაიზარდა და ექვსი თვის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, მათ შორის მოიმატა ხორბლის, სიმინდისა და ბრინჯის ღირებულებამ. ხორბლის ბაზრებმა რეაგირება მოახდინეს ამინდის არასახარბიელო პირობებზე, რამაც ხელი შეუშალა მიმდინარე სეზონის მოსავალს. ამინდმა გავლენა იქონია თესვის შემცირებულ მასშტაბებზე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ხოლო სიმინდზე ფასების მატება გამოიწვია მაღალმა მოთხოვნამ და სამხრეთ ამერიკაში მოსავლის ბუნდოვანმა პერსპექტივებმა. ასევე აიწია ბრინჯის საერთაშორისო ფასებმა, რის მიზეზსაც ნაწილობრივ წარმოადგენს ინდოეთის მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების პროგრამა, რამაც საექსპორტოდ განსაზღვრული ბრინჯის რაოდენობა შეამცირა.
FAO-ს სასურსათო ფასების ინდექსი ვაჭრობაზე შეწონილი ინდექსია, რომელიც ასახავს ხუთ ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე საერთაშორისო საბაზრო ფასებს. აღსანიშნავია, რომ 2016 იყო ინდექსის ვარდნის ზედიზედ მეხუთე წელი, ხოლო იანვარი – მისი მატების ზედიზედ მეექვსე თვე.
FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი 1.8 პროცენტით გაიზარდა; ეს ძირითადად გამოიწვია პალმის ზეთის მსოფლიო მარაგების დაბალმა დონემ, რასაც თან დაერთო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში წარმოების შენელებული ტემპები. სოიოს ზეთის ფასებმა, პირიქით, დაიკლო, რასაც ბიძგი მისცა მსოფლიოში ამ პროდუქტის უხვი მიწოდების მოლოდინმა.
FAO-ს რძის პროდუქტების ფასის ინდექსი დეკემბრის შემდეგ უცვლელი დარჩა, გასული წლის მაისიდან დეკემბრამდე 50 პროცენტიანი ზრდისგან განსხვავებით. FAO-ს ხორცის ფასის ინდექსიც პრაქტიკულად უცვლელი იყო, თუმცა აღინიშნა ხარის ხორცის ფასების მატება ავსტრალიაში ჯოგების გადახალისების შედეგად, რისი კომპენსირებაც მოახდინა ცხვრისა და სხვა ხორცზე დაბალმა ფასებმა.
მსოფლიო მრაცვლეულის მარაგები უჩვეულოდ მაღალ დონეზეა, რასაც განაპირობებს წარმოების რეკორდულად მაღალი დონე.
FAO-ს უახლესი ანგარიშის მიხედვით, მარცვეულის მსოფლიო მარაგები 2017 წლის სეზონის ბოლოს ყველა დროის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. უახლესი მონაცემებით, მსოფლიო მარცვლეულის მარაგები ამჟამად შეადგენს 681მილიონ ტონას, რაც 1.5 პროცენტით მეტია დეკემბერში პროგნოზირებულ დონეზე და 3 პროცენტით მეტი წინა სეზონთან შედარებით. რაც შეეხება მსოფლიო ხორბლის რეზერვებს, სავარაუდოდ, დაფიქსირდება ახალი რეკორდული მაჩვენებელი – 245 მილიონი ტონა, რაც ნიშნავს 8.3 პროცენტიან წლიურ ზრდას. წინასწარი შეფასებით, საკვები მარცვლის მარაგები 0.7 პროცენტით მოიმატებს და მიაღწევს ისტორიაში მეორე უმაღლეს დონეს, ხოლო ბრინჯის მარაგები ოდნავ დაიკლებს, თუმცა სეზონს მაინც რეკორდულთან მიახლოებული მაჩვენებლით – 170 მილიონი ტონით დაასრულებს.
FAO-მ ასევე გაზარდა 2016 წლის მსოფლიო მარცვლეულის გამოშვების შეფასება 15 მილიონი ტონით 2 592 მილიონ ტონამდე, რაც ძირითადად განაპირობა ავსტრალიასა და რუსეთის ფედერაციაში მოსალოდნელზე უფრო მაღალმა ხორბლის მოსავალმა.
მსოფლიოში მარცვლეულის გამოყენების, ისევე როგორც ვაჭრობის დონე მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი.
თუ წინ გავიხედავთ, FAO-ს მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის წარმოების პერსპექტივები განსხვავებულია. დაბალმა ფასებმა ჩრდილოეთ ამერიკაში ფერმერებს უბიძგა, შეემცირებინათ ხორბლით დათესილი მიწების ფართობი. საპირისპირო ტენდენცია აღინიშნება რუსეთის ფედერაციაში.
რაც შეეხება ბრინჯს, ძლიერი წვიმები და არასაკმარისი ნალექები შრი-ლანკაში შეზღუდავს ბრინჯის გამოშვებას. სხვა მარცვლეული კულტურების შემთხვევაში სახეზეა პოზიტიური პირობები. სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გასული წლის გვალვიანი პირობების შემდეგ სიმინდის გამოშვება დაუბრუნდება საშუალოსთან ახლო დონეს, ნათესი ფართობების გაზრდისა და უკეთესი მოსავლის წყალობით. ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ფასები და ხელშემწყობი ამინდი ბიძგს მისცემს მარცვლეულის ნათესების ზრდას არგენტინასა და ბრაზილიაში.
Comments
Sign in
Sign in
Recover your password.
A password will be e-mailed to you.