საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება.
კომპანიამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, “BB-“-დან “BB”-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.
“ჩვენ მივულოცეთ თქვენს ხელისუფლებას ბოლო დროს გამოქვეყნებული რეიტინგის შედეგები, რომლებიც მაკროეკონომიკური პოლიტიკის მართლზომიერებისა და საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის დადასტურებაა,” – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა საქართველოს მთავრობის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ფონდის მისია საქართველოში 1-კვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა.