საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ქალბატონი მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით თბილისს ამა წლის 21-27 აგვისტოს ეწვია ეკონომიკის და საფინანსო სექტორში არსებული მიმდინარე ვითარების და სტრუქტურული რეფორმის მიმდინარეობის მიმოხილვის მიზნით.
"იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაციის პროგნოზი დაბალ დონეზე ნარჩუნდება, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დაიწყო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა. ამავდროულად, დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი კლებას განაგრძობს.
მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, 2018 წლის ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გავზარდეთ. მოსალოდნელი მაღალი ეკონომიკური აქტივობა და სავაჭრო პირობების შესუსტება, სავარაუდოდ, გაზრდის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს.
ეკონომიკურ პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები, რაც განპირობებულია რეგიონში არსებული ვითარებით და სავაჭრო კონკურენციით, რეზერვების დაგროვების და მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნების საჭიროებას წარმოშობს. მოქნილი გაცვლითი კურსი სასარგებლოა საქართველოსთვის და იგი გონივრულ მაკრო პოლიტიკასთან ერთად, გააძლიერებს ქვეყნის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ.
საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა დამოუკიდებელი საპენსიო სააგენტო და დაამტკიცა დებულებები კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონის განხორციელებისათვის. ხელისუფლებამ დახვეწა გადახდისუუნარობის კანონი და აამოქმედა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ხელშემწყობი დებულებები", – აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი.