თბილისში ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს რიგით მე-20 კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებაში ბიზნესსექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მიზანი ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერებაა.
კონფერენციის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ეკონომიკური მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად აუცილებელი და მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ამ მოცულობის გაზრდა.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიოს ბანკის რეგიონული დირექტორის მერსი ტემბონის თქმით, საქართველომ შესანიშნავად გაართვა თავი მაკრო და ფისკალურ რეფორმებს და რეგიონში დინამიკით გამორჩეული ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა.
"საქართველომ შესანიშნავად გაართვა თავი მაკრო და ფისკალურ რეფორმებს. საქართველო იდგა გამოწვევების წინაშე, რამაც ეკონომიკაში სირთულეები წარმოქმნა, მაგრამ უკვე სახეზეა ეკონომიკური წინსვლა.
საქართველო რეგიონში დინამიკით გამორჩეული ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა. ეკონომიკის განვითარებას ხელი შეუწყო სერვისებმა.
ამჟამად საქართველომ ტრანზაციის სამი ეტაპი უნდა გაიაროს. საქართველოს ასევე სჭირდება გლობალურ დონეზე ინტეგრაცია, მაგალითად დიდია აზიაში საექსპორტო შესაძლებლობები. ვინაიდან ეკონომიკა მსოფლიოში სულ უფრო ციფრული ხდება, საჭიროა შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინება. ერთ-ერთი ასეთია ინვესტიცია განათლებასა და უნარ-ჩვევებში", – აცხადებს მერსი ტემბონი.